არაბულმა საინვესტიციო კონსორციუმმა 55 მილიარდ დოლარად ვიდეოთამაშების მწარმოებელი კომპანია EA სრულად შეისყიდა.
Electronic Arts-ის აქციები საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა და კომპანია კერძო საკუთრებაში გადავიდა, რომელსაც Saudi Arabia Public Investment Fund-ი, Silver Lake-ი და ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული Affinity Partners-ი განკარგავენ.
$55-მილიარდიანი შესყიდვა ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში დაფიქსირებული რიგით მეორე ყველაზე მსხვილი გარიგებაა, რომელსაც მხოლოდ Microsoft-ის და Activision Blizzard-ის $70-მილიარდიანი კონტრაქტი უსწრებს.
როგორც EA-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, კერძო საკუთრებაში გადასვლით კომპანიას მოეხსნება ის ანგარიშვალდებულება და ზეწოლა, რომელიც საფონდო ბირჟაზე არსებობასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ კრეატიული სტუდია უფრო მშვიდად შეძლებს მრავალწლიანი, სტრატეგიული პროექტების განხორციელებას და ისეთი თამაშების შექმნას, რომელთა წარმოება ერთ ან ორ წელიწადში უბრალოდ შეუძლებელია.
თავად ინვესტორთა ინტერესიც მარტივად გასაგებია: საუდის არაბეთს ნავთობის ექსპორტზე დამოკიდებული ეკონომიკის დივერსიფიცირება სურს და Electronic Arts-ი უდიდესი პოტენციალის მქონე კომპანიაა, რადგან საკულტო თამაშებთან ერთად, ის ფასდაუდებელ ინტელექტუალურ საკუთრებას და პორტფელს ფლობს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ვიდეოთამაშების, ასევე ფილმების, სერიალების, ანიმაციური ფილმების, თემატური პარკების და სათამაშოების წარმოების მიზნით.
EA-ის პორტფელში არაერთ პოპულარულ ვიდეოთამაშს შეხვდებით, მათ შორისაა: Battlefield, Fifa, FC, F1, Sims, Need for Speed, Apex Legends, Star Wars და Mass Effect.




























