მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთს 2024 წელს $11.5 მილიარდის ღირებულების ბონდების გამოშვება მოუწევს - Bloomberg

მუჰამედ ბინ სალმანი

საუდის არაბეთის ერთპიროვნული მმართველი მუჰამედ ბინ სალმანი, მის ქვეყანაში NEOM-ად წოდებულ ამბიციურ ინფრასტრუქტურულ პროექტს მართავს, რომელიც, მასშტაბით, არაფრით ჩამოუვარდება 4600 წლის წინ აშენებულ გიზის პირამიდებს.

თუმცა იმისთვის, რომ NEOM-ი შედგეს, სამეფო ტახტის მემკვიდრეს ფული სჭირდება, ხოლო ქვეყანა ლიკვიდურობის პრობლემის წინაშე დგას, რომლის აღმოსაფხვრელად, ქვეყნის ხელისუფლებას, სავარაუდოდ $11.5 მილიარდის ღირებულების სუვერენული ბონდების გამოშვება მოუწევს. ყოველ შემთხვევაში, ასეთია Bloomberg Intelligence-ის ვარაუდი, რომელიც სავსებით რეალურია, თუ გავისხენებთ, რომ 2022 წელს, საუდის არაბეთმა $10 მილიარდის ბონდები გაყიდა.

კაპიტალის მოძიება საუდის არაბეთის ხელისუფლებას წესით არ უნდა უჭირდეს, მაგრამ შარშან, არაბული ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 0.9%-ით იკლო, რამაც ისედაც ძალიან კაპიტალინტენსიური NEOM-ისთვის ინვესტიციების მოზიდვა კიდევ უფრო გაართულა. ექსპერტების ვარაუდით, ინფრასტრუქტურული მეგაპროექტის სისრულეში მოსაყვანად, საუდის არაბეთს $640 მილიარდი დასჭირდება, თანაც ეს რიცხვი მხოლოდ მომდევნო ხუთი წლის მშენებლობის ხარჯებს ასახავს. თუ ამ პროექტის მხარდაჭერას ბანკები ითავებენ, გამოდის, რომ მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს მათ მიერ მოზიდული დეპოზიტების მოცულობა, მაგრამ თავად ეს პარამეტრი, ასე სწრაფად არ იზრდება.

ამ ყველაფრის მიუხედავად, საუდის არაბეთის კომერციული ბანკები ჯერაც ჯანმრთელ ფინანსური პოლიტიკას მიჰყვებიან, რაც S&P-ის რეიტინგებითაც დასტურდება - ქვეყნის თითქმის ყველა ბანკს საინვესტიციო ქულა და სტაბილური პერსპექტივა აქვს მინიჭებული. თუმცა NEOM-ი, ცხადია, მხოლოდ ბანკების დაფინანსებით არ და ვერ აშენდება, რადგან ამ პროცესში ჩართულია, როგორც უშუალოდ სახელმწიფო, ასევე საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდი, რომელმაც განაცხადა, რომ 2025 წლის შემდეგ, პროექტისთვის, ყოველწლიურად, $70 მილიარდს გამოყოფს.

თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ყველაფერი, რაზედაც ახლა მოგიყევით, რეალურად, ერთადერთ რესურსზე - ნავთობზე არის დამოკიდებული. 2022 წელს დაფიქსირებული რეკორდული ფასების ფონზე, ნავთობის ექსპორტიდან 2023 წელს მიღებული შემოსავალი ერთბაშად $80 მილიარდით შემცირდა, რამაც საბიუჯეტო დეფიციტი გამოიწვია. ბარელი ბრენტი, ამჟამად, სანავთობო ბირჟაზე $84-$85 დოლარის ფარგლებში ივაჭრება, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე, საშუალო ფასი $79-ს შეადგენს, რაც დაბალი ფასია, რადგან საუდის არაბეთის ბიუჯეტის ბალანსირებისთვის, ბრენტი მინიმუმ $90-ად უნდა ივაჭრებოდეს. თუ განტოლებაში ქვეყნის სუვერენული სიმდიდრის ფონდის დანახარჯებსაც შემოვიტანთ, გამოჩნდება, რომ ნავთობის მინიმალური ფასი, რომელიც საუდის არაბეთს აწყობს, ბარელზე $108-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები