მიმდინარე 2023 წელი მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეებისათვის სიახლეებითა და გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა. გლობალური გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებისა და მაკროეკონომიკური კლიმატის გამკაცრების ფონზე, ზოგიერთმა მსხვილმა კომპანიამ მისი მესვეურებისთვის დიდძალი სარგებლის მოტანა მაინც შეძლო.
საუკეთესო შედეგების მქონე მილიარდერების რეიტინგი:
#1 - ილონ მასკი | +$100 მლრდ
წლის დასაწყისიდან დღემდე, საუკეთესო შედეგი მსოფლიოს უმდიდრეს მეწარმეს, ილონ მასკს აქვს, რომლის ქონების შეფასება დამატებით 100 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ამჟამად $236 მილიარდს შეადგენს. გასაოცარი შედეგები საფონდო ბირჟაზე კომპანია Tesla-ს აქციების ზრდითაა განპირობებული. მიმდინარე წელს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 140%-ით მოიმატა და ის ამჟამად 812 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Tesla-ს წარმატების გარდა, ილონ მასკის ქონებაზე Twitter-ის რებრენდინგიც პოზიტიურად აისახება. მოგეხსენებათ, მილიარდერმა მეწარმემ სოციალურ ქსელს სახელწოდება შეუცვალა და მას X დაარქვა. ამ ცვლილების მიზანი ახალი, ყოვლისმომცველი სუპერ აპლიკაციის შექმნაა, რომელმაც მასკის სიმდიდრე ახალ მწვერვალებზე უნდა აიყვანოს.
#2 - მარკ ცუკერბერგი | +$68 მლრდ
საუკეთესო შედეგების მქონე მილიარდერების რეიტინგში მეორე ადგილს Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგის იკავებს, რომლის ქონების შეფასება მიმდინარე წელს 68 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ამჟამად მისი ქონება $114 მილიარდს აჭარბებს. ამ შედეგით უმდიდრესი მეწარმეების გლობალურ რეიტინგში ცუკერბერგი მეცხრე ადგილზეა. მის მიერ დაფუძნებული კომპანიის, Meta-ს აქციების ღირებულება წელს 150%-ითაა გაზრდილი და საბაზრო კაპიტალიზაცია 805 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ცუკერბერგის მრავალფეროვან პორტფელს წელს ახალი სოციალური ქსელი, Threads-ი შეემატა, რომელმაც 100 მილიონი მომხმარებლის დარეგისტრირება ხუთ დღეში შეძლო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გარდა ამისა, იზრდება Facebook-ისა და Instagram-ის შემოსავლებიც, რაც მილიარდერის ქონებაზე პოზიტიურად აისახება.
#3 - ჯეფ ბეზოსი | +$46 მლრდ
შთამბეჭდავი შედეგი აქვს Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსსაც, რომლის ქონების შეფასება წელს 46 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ჯამში $153 მილიარდი შეადგინა. ამ მაჩვენებლით 59 წლის მეწარმე Forbes-ის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს.
მიმდინარე წელი, სხვა ტექნოლოგიური გიგანტების მსგავსად, Amazon-ისთვისაც პოზიტიურად დაიწყო - კომპანიის აქციების ღირებულება დაახლოებით 50%-ითაა გაზრდილი, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 1 ტრილიონ 320 მილიარდ დოლარს შეადგენს. Amazon-ის აღმასვლის მიზეზებს შორის ხელოვნური ინტელექტის ბუმი და კომპანიის Cloud მიმართულების, AWS-ის ფინანსური შედეგებია.
#4 - ლარი ელისონი | +$38 მლრდ
AI-ბუმის ჩემპიონთა შორისაა 78 წლის ლარი ელისონიც, რომლის ქონება წელს 38 მილიარდი დოლარით გაიზარდა და მისი აქტივების საერთო შეფასებამ $130 მილიარდს მიაღწია. ამ მიღწევის წყალობით, ლარი ელისონმა წელს Forbes-ის რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც მისი კარიერის საუკეთესო შედეგია.
ელისონის მიერ დაფუძნებულ ტექნოლოგიურ გიგანტ Oracle-ს წელს ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგები აქვს, მისი აქციების ღირებულება ბირჟაზე 40%-ითაა გაზრდილი, კომპანიის საერთო შეფასება კი 310 მილიარდ დოლარს აღწევს. Oracle-ის წარმატება პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს მასშტაბით ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან და კომპანიის პროგრამულ სერვისებზე მოთხოვნის მკვეთრ ზრდასთან.
#5 - ლარი პეიჯი | +$34 მლრდ
წელს განსაკუთრებით გამორჩეული შედეგები აქვს მსოფლიოს ყველაზე დომინანტი საძიებო სისტემის, Google-ის თანადამფუძნებელ ლარი პეიჯსაც. მისმა ქონებამ წელს 116 მილიარდ დოლარს მიაღწია, ზრდის მაჩვენებელი კი $34 მილიარდია. ამ შედეგის წყალობით პეიჯი Forbes-ის რეიტინგში მერვე ადგილს იკავებს.
მართალია, 50 წლის ინოვატორი Google-ის აქტიურად მართვაში 2019 წლიდან აღარ არის ჩართული, თუმცა პეიჯის მიერ დაფუძნებული კომპანია, შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით ჭეშმარიტი ლიდერია. Google-ის მიერ გამოშვებულმა Bard-მა ნამდვილი გლობალური ფურორი მოახდინა, ამ წარმატების ფონზე კი მისი მშობელი კომპანიის, Alphabet-ის აქციების ღირებულება წელს 45%-ითაა გაზრდილი, Google-ის კაპიტალიზაცია კი 1 ტრილიონ 620 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ყველაზე ცუდი შედეგების მქონე მილიარდერების რეიტინგი:
#1 - გაუტამ ადანი | -$57 მლრდ
ცხადია, მიმდინარე წელი მსოფლიოს უმდიდრესი მოქალაქეებისთვის მხოლოდ პოზიტიური არ ყოფილა, ზოგიერთ მათგანს საკმაოდ მძიმე პერიოდიც დაუდგა, ასეთ მეწარმეთა სიაში კი უდავო ლიდერი ინდოელი ბიზნესმენი გაუტამ ადანია, რომელიც გასულ წელს Forbes-ის რეიტინგში მეორე ადგილზე იყო, წელს კი ის 21-ე პოზიციამდეა ჩამოქვეითებული.
ადანის ქონების შეფასება წელს 57 მილიარდი დოლარით შემცირდა და მისი აქტივების საერთო შეფასება $64 მილიარდამდე დაეცა. ბიზნესმენის დაცემა საფონდო ბირჟაზე მისი ჰოლდინგის კაპიტალიზაციის 55%-ით, 120 მილიარდ დოლარამდე შემცირებითაა განპირობებული. Adani Group-ის კაპიტალიზაციის განახევრება Hindenburg Research-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთანაა დაკავშირებული, რომლის მიხედვით, ანალიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ გაუტამ ადანის მრავალმილიარდიანი იმპერია ყალბ ანგარიშგებებზე, სიცრუესა და კორუფციაზე იდგა.
#2 - კარლ იკანი | -$13 მლრდ
წელს Hindenburg Research-ის მორიგი სამიზნე ამერიკელი ინვესტორი, კარლ იკანი გახდა, რომელმაც 13 მილიარდი დოლარი დაკარგა და მისი ქონების შეფასება $10 მილიარდამდე დაეცა. ანალიტიკოსების მტკიცებით, იაკნის საინვესტიციო ჰოლდინგი საფონდო ბირჟაზე არარეალისტურად ძვირად იყო შეფასებული, რასაც გაყალბებული ფინანსური ანგარიშგება განაპირობებდა. ანგარიშის გავრცელებიდან 24 საათში საინვესტიციო ჰოლდინგის კაპიტალიზაცია 40%-ით დაეცა, მისი დამფუძნებელი კი Forbes-ის რეიტინგში 195-ე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.
#3 - ჟანგ იმინგი | -$12 მლრდ
არასახარბიელო შედეგების მქონე მილიარდერების რეიტინგში მესამე ადგილს ჩინელი მეწარმე, ჟანგ იმინგი იკავებს, რომელიც TikTok-ის მშობელი კომპანიის, ByteDance-ის დამფუძნებელია.
იმინგმა წელს $12 მილიარდი დაკარგა და მისი ქონების შეფასება ამჟამად 42 მილიარდ დოლარს შეადგენს, რის გამოც ის Forbes-ის რეიტინგში 26-ე პოზიციამდეა ჩამოქვეითებული.
იმინგის დაღმასვლას ორი ძირითადი მიზეზი აქვს, პირველი ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის მხრიდან ტექნოლოგიურ კომპანიებზე გაზრდილი ზეწოლაა, რის გამოც იმინგმა ByteDance-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიც დატოვა. მეორე მიზეზი კი მსოფლიოს მასშტაბით TikTok-ის მიმართ გამკაცრებული რეგულატორული ჩარჩოა, რის გამოც კომპანიის კაპიტალიზაცია $220 მილიარდამდეა შემცირებული, წელს კი ვარდნის მაჩვენებელი 30%-ს აღწევს.
#4 - პანგ კანგი | -$6 მლრდ
კიდევ ერთი ჩინელი მილიარდერი, რომელიც რეიტინგში მოხვდა, პანგ კანგია. ის სოიას სოუსების მწარმოებელი უმსხვილესი ჩინური კომპანიის, Foshan-ის დამფუძნებელია. კომპანიის კაპიტალიზაცია წელს 40%-ით შემცირდა, თავად კანგის ქონება კი 6 მილიარდით დაეცა და ამჟამად $12 მილიარდს შეადგენს.
კანგის დაღმასვლის მიზეზიც ჩინეთის მთავრობას უკავშირდება. მიმდინარე წლის იანვარში კორუფციის ბრალდებით კანგი დააკავეს და კომპანიის მართვას ჩამოაცილეს.
#5 - ჯოვანი ფერერო | -$5 მლრდ
არასახარბიელო შედეგების მქონე მილიარდერების ხუთეულს იტალიელი მეწარმე, ჯოვანი ფერერო ასრულებს, რომელიც ბაბუის მიერ დაფუძნებული Ferrero Group-ის ხელმძღვანელია. ჯოავნი ფერერომ წელს 5 მილიარდი დოლარი დაკარგა, თუმცა ამ ცვლილების მიუხედავად, ის მაინც ფლობს $37 მილიარდის ღირებულების აქტივებს.
„ფერერო როშეს“, „კინდერისა“ და „ნუტელს“ მწარმოებელი კომპანიისათვის 2023 წელი სახარბიელო ნამდვილად არ ყოფილა, რადგან Ferrero-ს ბელგიის ქარხანაში წარმოებულ პროდუქციაში სალმონელას ბაქტერია აღმოაჩინეს, ამან კი კომპანიის რეპუტაციას და გაყიდვებს სერიოზული ზიანი მიაყენა.