მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საუკეთესო გამოცდილება წინ არის!“ - მარიამ შიხაშვილი, საქართველოს ბანკის შიდა ჩართულობის ბრენდ მენეჯერი

თანამშრომლები
10.01.24 13:54
1221
სტატიაში საუბარია:

კომპანიებს ადამიანები ქმნიან. სწორედ ინდივიდები დგანან ყოველი წარმატებული გადაწყვეტილების, განხორციელებული ინიციატივის და განვითარების ახალი ეტაპის უკან. შესაბამისად, მათი მოტივირება, პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა, მათზე მორგებული გარემოს შექმნა და კმაყოფილების დონის გაზრდა ის მთავარი ღირებულებაა, რომელთა შესრულება კომპანიის კურსს განსაზღვრავს. სწორედ ამ მიზნების განხორციელებას ემსახურება საქართველოს ბანკის შიდა ჩართულობის გუნდი, რომელიც აქტიურად შრომობს, რათა თითოეული თანამშრომლისთვის შექმნას საუკეთესო სამუშაო გამოცდილება.

ორგანიზაციული კულტურის გადატანა კონკრეტულ ნაბიჯებსა და პროექტებში შიდა ჩართულობის სამსახურის მთავარი მამოძრავებელია. ჩვენი ყველა კომუნიკაცია თანამშრომლებთან, თითოეული ინიციატივა გამყარებულია იმ პრინციპებით, რაზეც საქართველოს ბანკი დგას“, - ასე იწყება საუბარი მარიამ შიხაშვილთან, საქართველოს ბანკის შიდა ჩართულობის ბრენდ მენეჯერთან, რომელიც საკუთარი გამოცდილების, კარიერული განვითარებისა და ზოგადად გუნდის ღირებულებაზე გვიყვება.

მარიამი საქართველოს ბანკის გუნდს 2017 წლის დასასრულისკენ შეუერთდა, მაშინ, როდესაც ტრადიციულ „ახალი წლის წვეულებამდე“ სულ რაღაც ერთი თვე იყო დარჩენილი. ამბობს, რომ ეს იყო ძალიან დატვირთული პერიოდი, რომელმაც თავი „სხვა განზომილებაში“ აგრძნობინა.

„თავდაპირველად, როდესაც საქართველოს ბანკის გუნდს შემოვუერთდი, მაშინ ასეთ დიდ კორპორაციაში მუშაობის გამოცდილება არ მქონდა. ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული გრძნობა იყო, როცა მივხვდი, რომ პირველივე დღიდან მენდნენ და მომცეს შესაძლებლობა, არა მხოლოდ გამომევლინა საკუთარი პოტენციალი, არამედ დავხმარებოდი სხვებსაც, მიეღოთ საუკეთესო გამოცდილება“, - ამბობს მარიამი.

შესაბამისად, ის პირველივე დღიდან აქტიურად ჩაერთო მრავალფეროვანი პროექტების განხორციელების პროცესში. როგორც აღნიშნავს, სხვადასხვა მიმართულებებისა და რგოლის პროფესიონალებთან მუშაობის შედეგად მიიღო უდიდესი გამოცდილება.

რატომ შიდა ჩართულობის გუნდი?

ადამიანებთან ურთიერთობა, მათი მხარდაჭერა, ღონისძიებების ორგანიზება და შემდეგ, ამავე ადამიანების ემოციების, უკუკავშირის მიღება ჩემი ძალიან საყვარელი საქმეა. ბრენდის გაძლიერებისთვის გუნდში სხვადასხვა აქტივობების დანერგვა, მათ ემოციებსა და უკუკავშირზე დაკვირვება კი, ერთი სიამოვნებაა.

შესაბამისად, შიდა ჩართულობის გუნდი არის ერთგვარი ხიდი და უმნიშვნელოვანესი რგოლი უამრავ მიმართულებას შორის. რაც მთავარია, ყველამ იცის, რომ შიდა კომუნიკაციების გუნდი ყოველთვის მზადაა მხარდაჭერისთვის.

რას გულისხმობს თქვენი საქმიანობა?

შიდა ჩართულობის გუნდის მთავარი საზრუნავი თანამშრომლების კმაყოფილება და მათ საჭიროებასა და ინტერესებზე მორგებული პროექტების იმპლემენტაციაა. ყოველწლიურად დიდ გუნდთან ერთად ორგანიზებას ვუწევთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, კომპანიაში მიმდინარე სიახლეებთან ერთად ვატარებთ სხვადასხვა გათამაშებებს, ვაფუძნებთ თემატურ და თანამშრომლების ინტერესებზე მორგებულ ჯგუფებს, რაც გვეხმარება, შევქმნათ გარემო, რომელიც ნებისმიერ ინდივიდს თავს მიკუთვნებულად აგრძნობინებს.

როგორ ადგენთ თანამშრომლების საჭიროებებს, სურვილებსა და მოთხოვნებს?

კმაყოფილი და რეალიზებული თანამშრომელი - ესაა ჩვენი გუნდის მიზანიც და მისიაც.

სწორედ ამ მიზნით, წლის ბოლო კვარტალში მთელი გუნდი სტრატეგიის შესაბამისად ვამუშავებთ წლის ღონისძიებების და აქტივობების კალენდარს, ვაანალიზებთ: რომელმა პროექტმა იმუშავა კარგად, რას შევცვლიდით და რა მიმართულება გვინდა, რომ გავაძლიეროთ. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ათასობით თანამშრომელი გვყავს, პერიოდულად ვატარებთ კვლევებს, რათა მაქსიმალურად ვეხმიანებოდეთ როგორც ბრენდის, ასევე თანამშრომლების ინტერესებს.

თქვენი გუნდის ინიციატივების შესახებ რომ მოგვიყვეთ - რომელ პროექტს გამოარჩევდით?

ჩემი გუნდი ჩემი უდიდესი საყრდენია და მათ გარეშე ჩემი ყოველდღიურობა სამსახურში არ იქნებოდა ასეთი მრავალფეროვანი. ყველაზე ძალიან მიყვარს ახალი წლის კორპორაციული წვეულების მასშტაბური პროექტი, სადაც ბრენდის, შიდა კომუნიკაციების, ღონისძიებების დაგეგმვის, და სხვა მიმართულების გუნდები ვერთიანდებით იმისთვის, რომ წლის ბოლოს 8000-მდე თანამშრომელს მოვუწყოთ დაუვიწყარი დღესასწაული.

ასევე, ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია Health Club-ი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა დარგის პროფესიონალთან ერთად რეგიონებში ფიზიკურ შეხვედრებს ვმართავთ ჩვენს ადგილობრივ თანამშრომლებთან, ვატარებთ სამუშაო შეხვედრებს, ვაზიარებთ ცოდნას და გამოცდილებას და სხვა.

რა არის თქვენი გუნდის მთავარი ღირებულება?

ჩვენს გუნდში სულ ფუსფუსია. რადგან ყოველთვის ვცდილობთ, შევქმნათ თემატური და სეზონური ინიციატივები. ახლახან დავასრულეთ 8000 ადამიანისგან შემდგარ კორპორაციულ წვეულებაზე მუშაობა, რომელიც უამრავ კომპონენტს მოიცავდა, რაც უდიდესი გამოცდილება იყო. წელს კი სხვადასხვა სტრატეგიული პროექტების მომზადებით ვიწყებთ. ძალიან მრავალფეროვანი რიტმი გვაქვს, რაც გაჩერების შესაძლებლობას არასდროს გვაძლევს. გვაქვს თემატური და სეზონური საჩუქრები ჩვენი თანამშრომლებისთვის, რომელთა კონცეფციაზე მუშაობას თვეებით ადრე ვიწყებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

ამ პროცესში კი ჩვენი მთავარი საყრდენი ჩვენი ღირებულებებია - გულწრფელობა, შეცდომებისა და თავგადასავლებისადმი ღიაობა და არ გაჩერება. გვჯერა, რომ საუკეთესო გამოცდილება წინ არის!