მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საუკეთესო ქვეყნები პენსიაზე გასასვლელად | გლობალური საპენსიო ინდექსი 2025

პენსია

ცხოვრების მზარდი ხარჯების, ჯანდაცვის პრობლემების ან საკუთარ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური ცვლილებების გამო, ბევრი მომავალი პენსიონერი „ოქროს წლების“ გასატარებლად საუკეთესო ადგილს საზღვრებს გარეთ სულ უფრო აქტიურად ეძებს. მაგრამ კითხვა, თუ როგორ უნდა გავარჩიოთ ლამაზი საკურორტო ადგილი იმ ქვეყნისგან, რომელიც ხანდაზმულების გრძელვადიან და სტაბილურ უსაფრთხოებას რეალურად უზრუნველყოფს - კვლავ აქტუალურია.

სწორედ ამიტომ, გლობალური საპენსიო ინდექსი მონაცემებზე დაფუძნებულ ზუსტ სურათს გვთავაზობს იმის შესახებ, თუ სად არის საუკეთესო გარემო კომფორტულად დაბერებისთვის. ანგარიში ქვეყნებს ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით აფასებს: საპენსიო ფინანსები, მატერიალური კეთილდღეობა, ჯანდაცვა და ცხოვრების ხარისხი. ამ კატეგორიებში 18 სხვადასხვა ინდიკატორის გაანალიზებით, ინდექსი პენსიონერთა გლობალური უსაფრთხოების სრულყოფილ სურათს ქმნის.

2025 წლის შედეგები ამსხვრევს გავრცელებულ სტერეოტიპს, თითქოს ემიგრანტები პენსიაზე გასვლისას მხოლოდ იაფ, ტროპიკულ სანაპიროებს ირჩევენ. რეიტინგის სათავეში სულ სხვა ტენდენცია იკვეთება: საპენსიო უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპა ლიდერობს.

100-დან 83 ქულით პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს. ნორვეგიის წარმატება მატერიალური კეთილდღეობისა და ჯანდაცვის უბადლო მაჩვენებლებს ეფუძნება. აქ სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში, რასაც საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და კარგად დაფინანსებული ჯანდაცვის სისტემა უწყობს ხელს. გარდა ამისა, ნორვეგიის უზარმაზარი სახელმწიფო ფონდი ეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, რაც მყარ საპენსიო ფინანსებს და ხანდაზმულებისთვის ცხოვრების მაღალ დონეს ნიშნავს.

მეორე ადგილს, ძალიან მცირე სხვაობით (82%), ირლანდია იკავებს. ბოლო წლების განმავლობაში ირლანდიამ უზარმაზარი ეკონომიკური ზრდა განიცადა, რამაც საგრძნობლად აამაღლა მისი მაჩვენებლები მატერიალურ კეთილდღეობასა და საპენსიო ფინანსებში. პენსიონერები ირლანდიაში ძლიერი, სტაბილური საბანკო სისტემით და მაღალი შემოსავლით სარგებლობენ. ამასთან, ქვეყანას მაღალი ქულა აქვს ცხოვრების ხარისხში, რაც განპირობებულია სუფთა გარემოთი და მოსახლეობაში ბედნიერების ზოგადი მაღალი დონით.

სიმდიდრისა და ცხოვრების ხარისხის რეიტინგების მუდმივი ლიდერი, შვეიცარია, მესამე პოზიციას 81 ქულით იკავებს. შვეიცარია საპენსიო ფინანსების კუთხით გლობალური ლიდერია. მისი ეკონომიკა კი სტაბილურობითაა ცნობილი. ფულის გარდა, შვეიცარია ხანდაზმულებს მაღალეფექტურ (თუმცა სავალდებულო და კერძო) ჯანდაცვას სთავაზობს. გამორჩეულ ბუნებასთან, დანაშაულის დაბალ დონესთან და უნაკლო ინფრასტრუქტურასთან კომბინაციაში, მის ცხოვრების ხარისხის მაჩვენებლებთან კონკურენციაში შესვლა, თითქმის შეუძლებელია.

მეოთხე ადგილს ისლანდია იკავებს, რომელიც მატერიალური კეთილდღეობის კომპონენტში გამოირჩევა. მას ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანასწორი საზოგადოება ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღარიბეს ძალიან ცოტა პენსიონერი აწყდება. ქვეყანა ასევე ჯანმრთელობის შთამბეჭდავი მაჩვენებლებით ამაყობს: სიცოცხლის ხანგრძლივობა აქ ძალიან მაღალია სუფთა გარემოს, აქტიური ცხოვრების წესისა და ძლიერი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის წყალობით.

ისლანდიასთან ერთად 79 ქულით მეხუთე ადგილს კიდევ ერთი ჩრდილოური სახელმწიფო - დანია ინაწილებს. ქვეყანა ცნობილია კულტურული კონცეფციით, რაც სიმყუდროვესა და კომფორტულ თანაცხოვრებას გულისხმობს. ეს ცხოვრების ხარისხში მის მაღალ ქულაზე პირდაპირ აისახება. დანიაში სახელმწიფო უდიდეს მხარდაჭერას უწევს ასაკოვან მოსახლეობას, რის გამოც სახელმწიფოს მაღალი მაჩვენებელი აქვს ჯანდაცვის კატეგორიაში.

2025 წლის გლობალური საპენსიო ინდექსი ერთ რამეს ნათლად აჩვენებს: პენსიაზე გასასვლელად საუკეთესო ქვეყნებად აღიარებენ მათ, ვინ საკუთარ მოქალაქეებში ინვესტიციას წლების განმავლობაში დებენ. მათთვის, ვინც უსაფრთხო, ხანგრძლივ და მშვიდ სიბერეს ეძებს - იქნება ეს მშობლიურ სახლში თუ საზღვარგარეთ - ეს ხუთი ქვეყანა ნამდვილ გლობალურ “ოქროს სტანდარტს” წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები