მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუკეთესო წელი გვაქვს, 2019 წლის გაყიდვებს ვუბრუნდებით - GD Alco

637ce73413fd7
ლიკა გურაბანიძე
22.11.22 21:45
1458
პრემიალური ალკოჰოლის იმპორტიორ კომპანია GD Alco-ში ჰორეკა სექტორის ზრდამ, გაყიდვების დინამიკა გააუმჯობესა. კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორის ბექა კიკნაძის თქმით, ბოლო 3 წლის განმავლობაში კომპანიისთვის 2022 “საუკეთესო წელია."

“გასულ წელთან შედარებით ჩვენი მოცულობები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. საუკეთესო წელი გვაქვს და 2019 წლის გაყიდვებს ვუბრუნდებით. ომის შემდგომ ქვეყანაში ბევრი რუსი და ბელარუსი მოქალაქე შემოვიდა, მათი ჩამოსვლით ქვეყანაში ჰორეკა სექტორში გაყიდვების დინამიკა გაორმაგებულია, რაც ჩვენს პროდუქციაზეც აისახება. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ, ჰორეკა სექტორი გასულ წელთან შედარებით, განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში 2-ჯერ გაიზარდა,” - აღნიშნა ბექა კიკნაძემ.

მისივე განმარტებით, გაყიდვების ზრდასთან ერთად კომპანიას გაყიდული პროდუქციის მიქსიც ეცვლება.

“თუ ამ დრომდე უფრო იაფფასიანი სასმელები იყიდებოდა, დღეს ძვირადღირებული პროდუქტი იყიდება. ეს დინამიკა რამდენიმე თვე კიდევ შენარჩუნდება და მომავალი წლის შუა პერიოდამდე გასტანს,” - განაცხადა GD Alco-ს გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა და დასძინა, რომ მიმდინარე წელს კომპანიაში ფასები არ გაუზრდიათ, რადგან ლარის კურსი გამყარებულია, ხოლო წლის ბოლომდე ფასის ზრდა დაგეგმილი არ არის.

ცნობისთვის: GD Alco ქვეყანაში უმსხვილესი პრემიალური ალკოჰოლის იმპორტიორია და ქვეყანაში ისეთი ცნობილი ვისკის ბრენდები შემოაქვს, როგორიც: ჯეკ დენიელსი, ჯეიმსონი, მარტინი, ჯონი ვოუქერ, ბეილისი და იაგერ მეისტერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები