მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად მუზეუმში მომხდარი გახმაურებული ქურდობიდან ოთხი თვის შემდეგ, პარიზის ლუვრის დირექტორი, ლორენს დე კარი, გადადგა.
სამშაბათს, 24 თებერვალს, ელისეის სასახლემ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მისი გადადგომის განაცხადი დააკმაყოფილა. "მსოფლიოს უდიდეს მუზეუმს ახლა სიმშვიდე და ახალი ბიძგი სჭირდება უსაფრთხოებისა და მოდერნიზაციის სფეროებში მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
დირექტორის პოსტიდან წასვლა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის გასული წლის 19 ოქტომბერს მომხდარი "საუკუნის ქურდობის" შესახებ ანგარიშს გამოქვეყნებას მოჰყვა. ანგარიში სამეფო ძვირფასეულობის ქურდობაში ლუვრის მენეჯმენტის ნაწილობრივ ბრალზე მიუთითებს. "არსებობს უგულებელყოფების სია, მსგავსის არსებობა სხვა ქვეყნებსა და დაწესებულებებში დიდი ხნის წინ გამოიწვევდა თანამდებობის პირების გადადგომას”, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, ალექსანდრ პორტიემ, რომელიც, როგორც ჩანს ნათქვამში დე კარს გულისხმობდა.
აღსანიშნავია, რომ ლუვრის უკვე ყოფილი დირექტორი თანამდებობიდან წასვლას გაქურდვიდან მეორე დღესვე შეეცადა, გადადგომის შესახებ განცხადება შეიტანა, მაგრამ საფრანგეთის კულტურის მინისტრმა, რაშიდა დატიმ, მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამ ჯერზე კი უკვე მაკრონმა მისი გადადგომის შესახებ განცხადება დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, ოქტომბერში, ოთხმა მამაკაცმა ლუვრიდან საფრანგეთის სამეფო რეგალიები მოიპარა, რომლის ღირებულებაც, ოფიციალური მონაცემებით $100 მილიონს სცდება. გატაცებული ნივთები აღმოჩენილი არაა, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.
ქურდობის შემდეგ, მუზეუმი უკვე თვეებია მედიის ყურადღების ცენტრშია, სხვა უსიამოვნებებთან ერთად მუზეუმის თანამშრომლები არა ერთხელ გაიფიცნენ ბოლო ორი თვის განმავლობაში, რის გამოც ლუვრი არა ერთხელ დაიკეტა, ხოლო გასულ კვირას 10 მილიონი ევროს ოდენობის ბილეთებით თაღლითობის ფაქტზე 9 პირი იქნა დაკავებული




























