"შრომის ბაზრის კვლევა ძალიან კარგია, მაგრამ მისი მხოლოდ რაოდენობაზე მიბმა, ეს არის არასწორი" - ასე აფასებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ირინა გოცირიძე მთავრობის შრომის ბაზრის ანალიზსს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სხვადასხვა ფაკულტეტზე სტუდენტთა კვოტები განისაზღვრა.
მან "ანალიტიკაში" სტუმრობისას ის ფაქტორები დაასახელა, რის გამოც სასწავლო პროგრამებზე სტუდენტთა კვოტირებების შრომითი ბაზრის მოთხოვნებზე მიბმა მიზანშეწონილი არ არის.
"უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლება - ამას ხაზგასმით ვამბობ - ეს არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე სტუდენტს გამოვუმუშაო ის უნარები, რომლებსაც ითხოვს შრომის ბაზარი. სად წავიდა ცნობიერება და ცოდნის განვითარება? მე მჭირდება ახალგაზრდა, რომელსაც გამომუშავებული ექნება არა მარტო ტექნიკური უნარ-ჩვევები, არამედ მომზადებული იქნება იმისთვის, რომ ცოდნა, რომელსაც ის ეუფლება, მიეხმაროს ცვლილებებზე თავისი თავის გრძელვადიან ადაპტაციას. ანუ მე მას ვამზადებ იმისთვის, რომ ჰქონდეს აუცილებელი ტრანსფერული უნარები.
მეორეც, კრეატიულობა და ინოვაცია ხომ აუცილებელია იმისთვის, რომ ცოდნა განვითარდეს და ასეთ შემთხვევაში მისი ასეთი საზღვრებში მოქცევა კრეატიულობას, მე მგონი, ხელს უშლის.
და მესამეც, უნივერსიტეტმა ფაქტობრივად სტუდენტს უნდა ასწავლოს, როგორია მისი ურთიერთობა სოციუმთან, კულტურასთან, იგივე ეთიკასთან. და რომელი ბაზრის კვლევა გიჩვენებთ თქვენ ამას, რამდენად არის ეს გათვალისწინებული იმ საუნივერსიტეტო პროგრამების განსაზღვრაში, რომლებმაც ასეთი ჩვევები, ასეთი ცოდნა, გაცნობიერება და უნარები უნდა მისცეს სტუდენტს?!", - აცხადებს ირინა გოცირიძე BMG-ის ეთერში.
სტუ-ს პროფესორი შრომითი ბაზრის კვლევაში ბიზნესის მონაწილეობასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ კერძო სექტორის მიერ სასწავლო პროგრამების განსაზღვრის პრეცედენტი საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემებში უკვე არსებობს, თუმცა იქ ბიზნესის მონაწილეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება პროგრამებზე კვოტირებების განსაზღვრისგან.
"არსებობს ასეთი ABET აკრედიტაციის ორგანიზაცია ამერიკაში, რომელიც საინჟინრო პროგრამების და საინჟინრო ტექნოლოგიების მიმართულებით პროგრამების სტანდარტებს განსაზღვრავს. ამ ორგანიზაციას საქმიანობა 38 სხვადასხვა პროფესიულ ასოციაციასთან მუდმივ კავშირზეა დაფუძნებული. მათ შორისაა სამოქალაქო ინჟინერიის ასოციაცია, ბიომედიცინის ინჟინერთა ასოციაცია, ქიმიურ ინჟინერთა ასოციაცია, პეტროლიუმის, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები (ადამიანები რომლებმაც მაგალითად IBM-ში იმუშავეს საკმაოდ დიდხანს და არიან ამ დარგის პროფესიონალები)...
ისინი განსაზღვრავენ, როგორი უნდა იყოს ამ მიმართულებით, ამ პროფესიისთვის მომზადების სტანდარტი. რა უნდა იყოს პროგრამის მიზანი, როგორი უნდა იყოს სწავლის შედეგები, როგორი უნდა იყოს კურიკულუმი. STEM სპეციალობების შემთხვევაში ABET-ი მკაცრად განსაზღვრავს, რომ შენ 45 კრედიტი მათემატიკას და ფუნდამენტური მეცნიერების შესწავლას უნდა დაუთმო. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კიდევ კარგი, რომ არ მოხდა ამ პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობის შემცირება. ძალიან ძნელია, რომ 180 ან თუნდაც 200 კრედიტში ჩატიო ის ცოდნა, რომელიც ასეთი სტანდარტით ინჟინრის მომზადებაში გჭირდება", - ამბობს ირინა გოცირიძე.




























