მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საუნივერსიტეტო ქალაქების განვითარება უმაღლესი განათლების რეფორმის პარალელურად უნდა განხორციელდეს - მიქანაძე

კობახიძე მიქანაძე

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აცხადებს, რომ რუსთავსა და ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების ვადებზე საუბარი გაუჭირდება, თუმცა ინფრასტრუქტურული პროექტები უმაღლესი განათლების რეფორმის პარალელურად უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პროექტის განხორციელების ვადებს შეეხებოდა.

მთავრობა 2026-2032 წლებში ქუთაისსა და რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქების აშენებას აანონსებს

მან აღნიშნა, რომ საუნივერსიტეტო ქალაქების პროექტების კონცეფცია მთავრობის სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ წარადგინა.

„ამ წარდგენის საფუძველზე, ცნობილი ხდება, რომ იწყება უკვე პირველადი ეტაპი იმ პროცესებისა, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარებასთან არის დაკავშირებული, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიასთან, სადაც უნდა აშენდეს საუნივერსიტეტო ქალაქი და ქუთაისში, ქუთაისის ძველი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან, სადაც უნდა აშენდეს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ქუთაისის ჰაბისთვის იქნება გათვალისწინებული. ეს პირველადი ეტაპი, რაზეც დღეს ბატონმა სოხაძემ ისაუბრა, ეხება, უპირველეს ყოვლისა, საპროექტო სამუშაოების დაწყებას.

კონკრეტულ ვადებზე ასე დეტალურად რომ გიპასუხოთ გამიჭირდება, მაგრამ ინფრასტრუქტურის განვითარება რეფორმის განხორციელების პარალელურად უნდა განხორციელდეს. გათვლა სამ-ოთხ წლიან პერიოდზე გვაქვს, თუმცა როგორც გითხარით, ჩვენ ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, გავწეროთ დეტალური სამოქმედო გეგმა, რომელიც უფრო ზუსტ თარიღებს, კონკრეტულ პასუხისმგებელ უწყებებს განსაზღვრავს. ასევე, ჩვენ ბიუჯეტურადაც დავითვლით... დაახლოებითი გათვლები, რა თქმა უნდა, გვაქვს, მაგრამ აი ამ გეგმიდან გამომდინარე, თითოეულ ეტაპზე რა საბიუჯეტო ასიგნებები იქნება საჭირო, ამის დეტალური გათვლა მოხდება. ეს სამოქმედო გეგმა უახლოესი ერთი თვის, თვენახევრის განმავლობაში შემუშავდება და უკვე გვექნება სამოქმედო რუქად იმისთვის, რომ ეს რეფორმა ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდეს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები