მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუნივერსიტეტო ქალაქი 10 ჰა-ზე - IBSU-ს ახალი მფლობელების გეგმები

IBSU

“შავი ზღვის უნივერსიტეტი ცალსახად ინარჩუნებს ყველაფერს: თავის ბრენდს, სახელს, თავის პროფესიულ მასწავლებლებსა და მენეჯმენტს - რასაც მხოლოდ დაემატება და გაძლიერდება ახალი ძალით”, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში “შავი ზღვის უნივერსიტეტის” ერთ-ერთი ახალი მფლობელი, “კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტი კახა შენგელია საუბრობს და IBSU-სთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს გვაცნობს.

“თითქმის 2 წელია, IBSU-ს ყოფილ დამფუძნებლებთან მოლაპარაკებები გვაქვს, რომლებიც 2 ოქტომბერს წარმატებით დაიხურა. IBSU-ში ახალი პროგრამები დაინერგება და გახდება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული, ხარისხიანი და ცნობადი უნივერსიტეტი, თუმცა მას დღესაც არ აკლია წარმატება და ცნობადობა, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.

რაც შეეხება ახალ პროგრამებს, ყველა მიმართულებით, სადაც დღეს განვითარება სჭირდება, აუცილებლად განვითარდება და დაემატება ინჟინერიის, მედიცინის, ფსიქოლოგიისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებები”, - ამბობს კახა შენგელია.

უნივერსიტეტის ახალი მფლობელი IBSU-ს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზეც საუბრობს, სადაც ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის მოწყობა იგეგმება.

“IBSU-ს თბილისის აეროპორტთან აქვს უზარმაზარი ქონება, 10 ჰექტარი მიწა, სადაც საუნივერსიტეტო ქალაქი გაშენდება. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი უცხოელი სტუდენტი მოვიზიდოთ საქართველოში და ქვეყნის ეკონომიკა და განათლება მეტად განვითარდეს და სწორედ ამისთვის გვჭირდებოდა IBSU.

ინფრასტრუქტურის გეგმა უკვე არსებობს და მის განვითარებასაც ძალიან მალე დავიწყებთ, თვეების ამბავია მხოლოდ. ამ ტერიტორიაზე შეიქმნება დიდი განათლების ქალაქი, სადაც იქნება საცხოვრებლებიც, სასწავლებლებიც და კლინიკებიც, მათ შორის. თუმცა ეს მხოლოდ დამატებაა ამჟამინდელ ტერიტორიებზე. უნივერსიტეტის შენობებში კარგად ვართ, ძალიან კარგი ტერიტორიაა, რომელსაც კიდევ უფრო გავალამაზებთ და განვავითარებთ” - აცხადებს კახა შენგელია.

“შავი ზღვის უნივერსიტეტი” $10 მლნ-ად გაიყიდა. საჯარო რეესტრში ასახული ცვლილებების თანახმად, უნივერსიტეტის 49%-იანი წილის მფლობელი კახა შენგელიაა, რომელიც IBSU-ს მენეჯმენტსაც გაუძღვება, ხოლო 51%-ს “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის” რექტორი, გია კავთელიშვილი ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები