ოფიციალური სტატისტიკით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა 2.5-ჯერ არის გაზრდილი.
საქმე ისაა, რომ პეკინში საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ცვლილების ოქმის ხელმოწერა იგეგმება. ჩინეთში ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი იმყოფება დელეგაციასთან ერთად. ჯერჯერობით უცნობია, რას მოიცავს ცვლილებები. bm.ge დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა. მოლაპარაკებები რეკორდულად მცირე დროში, შვიდ თვეში დასრულდა და შეთანხმება 2018 წელს ამოქმედდა. საქსტატის მონაცემების თანახმად, ამის შემდეგ ორი ქვეყნის ვაჭრობა მზარდია და 2025 წლის რეკორდული სავაჭრო ბრუნვა 2017 წლის მონაცემებს 2.5-ჯერ აჭარბებს.
რა მოიტანა ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობის რეჟიმმა?
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ სწორედ 2018 წელს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, გადააჭარბა პირველად 1 მილიარდ დოლარს. იქამდე ყველაზე მაღალი სავაჭრო ბრუნვა 2014 წელს იყო - 823.9 მლნ დოლარის ოდენობით. უკვე 2018 წლიდან მოყოლებული მაჩვენებელი მზარდია, თუ არ ჩავთვლით 2023 წელს დაფიქსირებულ კლებას.
გასულ წელს ჩინეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. ორი ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის ჯამმა რეკორდულ 2.3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ასევე რეკორდული, 2 მილიარდ დოლარიანი იმპორტის დამსახურებაა (წლიური ზრდა 23.1%). 2025 წელს ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი საიმპორტო ბაზარი იყო ქვეყნის იმპორტში 10.7%-იანი წილით. ამასთან, 2025 წელს ჩინეთი საქართველოს მეშვიდე უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა იყო მთლიან ექსპორტში 4.5%-იანი წილით. გასულ წელს ჩინეთში ექსპორტი 8.1%-ით გაიზარდა და 327.6 მლნ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ კვარტალს, ჩინეთთან ვაჭრობა 55.4%-ით 690 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და სავაჭრო ქვეყნების რეიტინგში 11.8%-იანი წილით თურქეთისა და რუსეთის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.
2026 წელს ჩინეთში საქონლის ექსპორტი 278.1%-ით გაიზარდა და 203 მილიონი დოლარი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ეს ძვირფასი ლითონებისა და სპილენძის მადნებისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვების გააქტიურებამ განაპირობა. სწორედ ეს პროდუქტებია უმსხვილესი საექსპორტო საქონლის პირველ სამეულში. წელს ჩინეთში ექსპორტირებული საქონლის კი TOP-5-ასეთია:
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $135.6 მლნ, 27 863 ტონა;
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $24.5 მლნ, 6 519 ტონა;
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $22.8 მლნ, 29 239 ტონა;
- კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - $9.8 მლნ, 2 314 ტონა;
- მედიცინასა და ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები - $3.2 მლნ, 10 ტონა.
რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ ჩინეთში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 487 მილიონ 565 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა. წლიური ზრდა 24.8%-ია. ქვეყნისთვის იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში ჩინეთი 11.8%-იანი წილით მესამე ადგილს იკავებს. იანვარ-მარტში ჩინეთიდან საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ნახევარგამტარი ხელსაწყოებისა და ელექტროგენერატორული დანადგარების შემოტანა. TOP-5 საიმპორტო საქონლის რეიტინგი ასეთია:
- ნახევარგამტარი ხელსაწყოები - $31 მლნ, 3 693 ტონა;
- ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები - $18.7 მლნ, 4 181 ტონა;
- მსუბუქი ავტომობილები - $16.4 მლნ, 1 732 ცალი;
- რკინის ბრტყელი ნაგლინი - $14 მლნ, 19 341 ტონა;
- მოწყობილობები ჰაერის - $12.2 მლნ, 1 676 ტონა.
აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის ვაჭრობა ძირითადად იმპორტზე მოდის - საქართველო ჩინეთისგან ბევრად მეტს ყიდულობს, ვიდრე თავად ყიდის. ჩინეთში ექსპორტი კი ყველაზე მაღალი, 736.8 მლნ დოლარი 2022 წელს იყო.
საქართველო-ჩინეთის გასული წლების ვაჭრობის მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
- 2016 წელი - ბრუნვა $721.9 მლნ/ ექსპორტი $174.3 მლნ/იმპორტი $547.5 მლნ;
- 2017 წელი - ბრუნვა $934.3 მლნ /ექსპორტი $201.7 მლნ/იმპორტი $732.6 მლნ;
- 2018 წელი (ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება) - ბრუნვა $1.03 მლრდ/ექსპორტი $199.1 მლნ/იმპორტი $834.1 მლნ;
- 2019 წელი - ბრუნვა $1.1 მლრდ/ექსპორტი $207.5 მლნ/იმპორტი $858.7 მლნ;
- 2020 წელი - ბრუნვა $1.2 მლრდ/ექსპორტი $477.3 მლნ/იმპორტი $709 მლნ;
- 2021 წელი - ბრუნვა $1.5 მლრდ/ექსპორტი $615.7 მლნ/იმპორტი $865 მლნ;
- 2022 წელი - ბრუნვა $1.9 მლრდ/ექსპორტი $736.8 მლნ/იმპორტი $1.1 მლრდ;
- 2023 წელი - ბრუნვა $1.6 მლრდ/ექსპორტი $310.9 მლნ/იმპორტი $1.3 მლრდ;
- 2024 წელი - ბრუნვა $1.9 მლრდ/ექსპორტი $303.1 მლნ/იმპორტი $1.6 მლრდ;
- 2025 წელი - ბრუნვა $2.3 მლრდ/ექსპორტი $327.6 მლნ/იმპორტი $2 მლრდ;
- 2026 წლის იანვარ-მარტი - ბრუნვა $690.7 მლნ/ექსპორტი $203.2 მლნ/იმპორტი $487.6 მლნ.




























