მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო ცენტრი „საბა“: მთავრობასთან რამდენიმე მოთხოვნა გვაქვს“

5fe2106466484
სავაჭრო ცენტრი „საბა“: მთავრობასთან რამდენიმე მოთხოვნა გვაქვს
23.12.20 13:52
2315
სავაჭრო ცენტრ „საბას“ დირექტორის პაატა კაჭარავას განცხადებით, ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნები ჯერ კიდევ მოუგვარებელია. ამის შესახებ მან BM.GE-ის განუცხადა. როგორც სავაჭრო ცენტრის დირექტორი აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ მთავრობა შეზღუდვებს არ ხსნის და ოპერირებას უზღუდავს, მაშინ ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებზე და დროებით უმუშევრად დარჩენილებზე უნდა იფიქროს.

"არ ვიცით უმუშევრად დარჩენილებისთვის 200-ლარიანი დახმარებები როგორ გაიცემა. ან რა შუაშია ის, რომ მათ, ვისაც ნოემბრის ხელფასი 5 დეკემბრამდე დაერიცხებათ, ამ დახმარებას ვერ მიიღებენ ან 200 ლარიანი დახმარება მაშინ როდესაც ყველაფერი გაძვირებულია, როგორ უნდა იმყოფინონ?! დღეს ჩვენს მოიჯარეებს საახალწლო საჩუქრები შემოჰქონდათ იმ იმედით, რომ გავიხსნებოდით და ამის რეალიზაციას მოახდენდნენ, მაგრამ მოხდა ისე, რომ ვერ ვიხსენებით - ამ ფინანსურ ხარჯებს, თანხებს ვინ აუნაზღაურებს მათ. ვთქვათ ადრე თუ გვიან გახსნიან ყველაფერს და ავეჯი გაიყიდება, მაგრამ საახალწლო ნივთების რეალიზაციის დრო ხომ ახლა?! ამ ხალხს კრედიტები აქვთ აღებული, მათ ჰყავთ შვილები, რომლებიც სწავლობენ უნივერსიტეტებში და სწავლის გადასახადიც გადასახდელი აქვთ. ევროპულ ქვეყნებში თუ გააჩერეს ბიზნესები, მთავრობამ იქ დროებით უმუშევრად დარჩენილებზე სერიოზული დახმარებები გასცა. მივმართავთ მთავრობას და ვითხოვთ, რომ შესაბამისად დაუჭირონ მხარი მათ, ვინც ამ პერიოდში უმუშევრად რჩება“, - განაცხადა პაატა კაჭარავამ.

მისი თქმით, ვაჭრობის ობიექტები ქონების გადასახადის გადახედვასაც ითხოვდნენ, რადგან შემოსავლის გარეშე დარჩენილი ბიზნესი ამ თანხების მობილიზებას ვერ შეძლებს.

„რამდენიმე მოთხოვნა გვქონდა მთავრობასთან; ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ქონების გადასახადის გადავადება ან მოხსნა, ვინაიდან როდესაც გაჩერებულები ვართ, შემოსავლები არ გვაქვს და ამ ვალდებულებას ვერ დავფარავთ. თუ პირველი ტალღის პერიოდში შევძელით და იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლეთ ჩვენი მეიჯარეები, დღეს ამას ვეღარ შევძლებთ, რადგან ხანძრის შემდეგ ჩვენც დაგვრჩა საკრედიტო ვალდებულებები, რომელიც პირველი გადავადების შემდეგ სერიოზულად გაზრდილია და ამასაც დაფარვა სჭირდება. დღეს არსებული საბაზრო ფასი ქონების გადასახადზე უსამართლობაა; როდესაც ქონებას არ ყიდი, რატომ უნდა გადაიხადო საბაზრო ფასი. ამასთან, ჩვენმა მოიჯარეებმა შეიძლება ვერ შეძლონ იჯარის გადახდა და ჩვენ სახელმწიფოს მაინც უნდა გადავუხადოთ ქონების გადასახადი. კარგი იქნება თუ ეს საკითხი გადაიხედება და გარკევეული შეღავათები გაკეთდება“, - უთხრა BM.GE-ის „საბას“ დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები