მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სავალუტო ბაზარზე სიჭარბე შემცირებულია" - როგორ აისახება ეს ლარის კურსზე

ნიკოლოზ ზურაბიშვილი

"თიბისი ჯგუფის" უფროსი ეკონომისტი ნიკოლოზ ზურაბიშვილი ამბობს, რომ ბოლო ორ თვეში წმინდა სავალუტო შემოდინებები შენელდა, რის გამოც ლარზე გამყარების ზეწოლა შემცირებულია, თუმცა გაუფასურების საფრთხე ამ ეტაპზე არ დგას. მან საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებსა და პროგნოზებზე "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.

კითხვის საპასუხოდ, თუ რა არის მთავარი რისკი ლარის კურსის სტაბილურობასთან მიმართებით, ეკონომისტმა სავალუტო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

"მთავარი საფრთხე, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ შეიცვალოს სავალუტო ბაზარზე არსებული მდგომარეობა, სადაც ფიქსირდება სიჭარბე 2025 წლის დასაწყისიდან. რაც ნიშნავს იმას, რომ უცხოური ვალუტის მიწოდება, ანუ შემოდინება ქვეყანაში აღემატება მოთხოვნას. ეს განაპირობებს სწორედ იმას, რომ ერთი მხრივ ლარის კურსი მყარდება, ხოლო მეორე მხრივ ეროვნული ბანკი აგრძელებს რეზერვების შევსებას. ბოლო ორი თვე არის, ჩვენი ოპერატიული მონაცემებით, წმინდა სავალუტო შემოდინებები შედარებით შენელებულია ქვეყანაში. ეს უკავშირდება ერთი მხრივ როგორც შემოდინებების კლებას, ასევე გადინებების ზრდას. მათ შორის იმპორტის ზრდას და იმპორტი, მათ შორის, უკავშირდება ყულევის ნავთობტერმინალს, ნედლი ნავთობის იმპორტი ბოლო ორ თვეში არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო ბაზარზე სიჭარბე ჯერ კიდევ ნარჩუნდება, ეს სიჭარბე არის შემცირებული. ეს არ ქმნის ლარზე გაუფასურების ზეწოლას, რადგან, როგორც აღვნიშნე, კვლავ მიწოდება მოთხოვნაზე მაღალია, მაგრამ გამყარების ის ზეწოლა, რაც იყო ლარზე, დღევანდელი მდგომარეობით შედარებით ნაკლებია. თუ ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდა და სავალუტო შემოდინებები გაუარესდა, შესაძლოა ლარის კურსზე გამყარების ზეწოლა, რასაც მივეჩვიეთ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ისეთი ძლიერი აღარ იყოს",- ამბობს ნიკოლოზ ზურაბიშვილი.

მისი განმარტებით შემოდინებების შენელების მიზეზები მრავალფეროვანია. ეკონომისტი გამოყოფს ექსპორტს და აღნიშნავს, რომ შემცირდა სპილენძის მადნების ექსპორტი. ასევე, შარშანდელი მაღალი საბაზო ეფექტის ფონზე, შენელებულია ავტომობილების რეექსპორტი. ასევე, ტურიზმს - საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობა შემცირებულია (2024 წლის მაჩვენებელზე დაბალიც კია), რაც, სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთში განახლებულ დაძაბულობასა და გლობალურ ტრენდებს უკავშირდება. ასევე, შემცირებულია არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები. კიდევ ერთი კომპონენტია ფულადი გზავნილები - ევროკავშირის მიერ სისტემა „ზოლოტაია კორონას“ დასანქცირებამ მნიშვნელოვნად შეანელა გზავნილები რუსეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან. თუმცა, ნოემბრის შუა რიცხვებიდან სისტემამ ფუნქციონირება განაახლა და ნიკოლოზ ზურაბიშვილის თქმით, მოსალოდნელია გზავნილების მოცულობის აღდგენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები