"საბაზო სცენარში ველოდებით, რომ ეროვნული ბანკი რეზერვების დაგროვებას მომავალ წელსაც გააგრძელებს", - ამის შესახებ თიბისი ჯგუფის უფროსმა ეკონომისტმა ნიკოლოზ ზურაბიშვილმა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა.
მან რეზერვების დაგროვების პოლიტიკის და მნიშვნელობის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ მართალია ნომინალურ გამოსახულებაში რეზერვები რეკორდულად მაღალია, მაგრამ შეფარდებით მაჩვენებლებში და საკრედიტო რეიტინგის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ სანამ შესაფერისი გარემო ნარჩუნდება, რეზერვების დაგროვება გაგრძელდეს.
"რეზერვების დაგროვების პოლიტიკა რა თქმა უნდა სწორი და აუცილებელია, რადგან გეოპოლიტიკური შოკები ძლიერდება, მუდმივად რაღაც ხდება და მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს ბუფერები. მით უფრო, რომ ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში რეზერვები ადეკვატურობა ნორმასთან მიმართებით საკმაოდ დაბალ ნიშნულზე გვქონდა.
მნიშვნელოვანი შეკითხვაა როდემდე შეიძლება გაგრძელდეს რეზერვების ზრდა. ეროვნულ ბანკს ოფიციალური სამიზნე მაჩვენებელი არ აქვს, ამას ვერც გამოაქვეყნებს, რასაკვირველია. რაც შეგვიძლია ვთქვათ, ის არის, რომ მართალია ნომინალურ გამოსახულებაში რეზერვები არის რეკორდულად მაღალ დონეზე, მაგრამ თუ შევხედავთ შეფარდებით მაჩვენებლებში და ავიღებთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაბამისობის ნორმას, რაც არ არის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული ბენჩმარკი, აქ გვაქვს დაახლოებით 129%-იანი დაფარვა. როგორც წესი 100% ადეკვატურ ნორმად ითვლება, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდს ეკონომიკური თავისებურებებიდან გამომდინარე დაახლოებით 145-150%-იანი დაფარვა აქვს რეკომენდებული. ამიტომ, ჯერ კიდევ ჩამორჩება იმ ნორმას, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევებით არის რეკომენდებული.
აღსანიშნავია, რომ როცა ზაფხულში S&P-მ საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტივამდე გაგვიზარდა, რეზერვების დაგროვება იქაც გამოყოფილი იყო, როგორც პოზიტიური ფაქტორი და სუვერენული რეიტინგის ზრდის თავად ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად მომავალში მითითებული იყო რეზერვების განგრძობითი დაგროვება, ანუ საერთაშორისო აქტორებიც აკვირდებიან ამას, რამდენად მოწყვლადია ეკონომიკა და რამდენად დიდი აქვს ბუფერები. ამიტომ ამ კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კი, მართალია ნომინალურ გამოსახულებაში რეზერვები არის რეკორდულად მაღალი, მაგრამ შეფარდებით მაჩვენებლებში და საკრედიტო რეიტინგის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ სანამ ლარის მხარდაჭერი გარემო ნარჩუნდება, რეზერვების დაგროვებაც გაგრძელდეს. აქ მნიშვნელოვანია, რომ თუ ინფლაციური ზეწოლა აჩქარდა, ამ შემთხვევაში შეიძლება ეროვნული ბანკისთვის ლარის დამატებითი გამყარება უფრო მიმზიდველი გახდეს, რადგან ამ გზით იმპორტული ინფლაციის შეზღუდვა შეიძლება, იმიტომ რომ ნავთობის გაძვირებას მაგალითად დააკომპენსირებს უფრო მყარი ლარი. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ რეზერვების დაგროვება, სავარაუდოდ შედარებით შენელდება და საგარეო შემოდინებების პროფიციტი რაც გვაქვს ლარის გამყარებაში გადაითარგმნება. მაგრამ ეს არ არის ჩვენი საბაზო სცენარი, საბაზო სცენარში ველოდებით, რომ ეროვნული ბანკი რეზერვების დაგროვებას მომავალ წელსაც გააგრძელებს და ეს ტენდენცია ჩვენი შეფასებით ოქტომბერ-სექტემბერშიც გრძელდება", - ამბობს ეკონომისტი.
2026 წლის სექტემბრის ბოლოსთვის საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 8.17 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 26 მილიონი დოლარით მეტია.
























