მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო ბუფერის მოთხოვნა ბანკებისთვის საკმაოდ დიდი წნეხი იქნება - ბანკების ასოციაცია

61b0b925e0b6f
ელენე გოგბერაშვილი
08.12.21 23:00
781
ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო დაკრედიტებასთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. 15 წლიდან 10 წლამდე შემცირდა უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადიანობა. ასევე ბანკების მიერ ლარის სესხების გაცემის წასახალისებლად, შეიცვალა მათი სავალუტო ბუფერის დათვლის წესი და ის მათი დაკრედიტების დოლარიზაციაზე იქნება დამოკიდებული ანუ იმ ბანკებს, რომლებიც მეტ დოლარის სესხს გასცემენ, ბუფერის სახით მეტი თანხის შენახვის ვალდებულება ექნებათ.

ცვლილებები ძალაში 2022 წლის პირველი იანვრიდან შევა, თუმცა ბანკებს, რომელთაც კრედიტების მაღალი დოლარიზაცია აქვთ, შეცვლილი ბუფერის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და მის შესავსებად 1-წლიანი ვადები მიეცემათ.

საბანკო ასოციაცია თვლის, რომ ეს გარკვეული წნეხი იქნება იმ ბანკებისთვის, რომელთა პორტფელში 40%-ზე მეტი სავალუტო სესხია. ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, ერთ წელში ბანკები საკრედიტო პორტფელში ამ პროპორციას ვერ შეცვლიან და დიდი ალბათობით მათ დამატებითი კაპიტალის მოზიდვა მოუწევთ.

„თუ საკრედიტო პორტფელში სესხები 40%-ზე მეტი არის უცხოურ ვალუტაში გაცემული, მათთვის აღნიშნულ ბუფერზე მოთხოვნა არის მეტი, რაც ნიშნავს, რომ სავალუტო სესხები და ზოგადად სესხები მეტად გაუძვირდებათ იმ ბანკებს, რომელთაც ეს ბალანსი დღეის მდგომარეობით აქვთ 40%-ზე მეტი. აღნიშნულია, რომ ამ ბუფერის შესავსებად ბანკებს მიეცემათ ერთწლიანი ვადა, მაგრამ ეს გარკვეული ბანკებისთვის იქნება საკმაოდ დიდი წნეხი იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ერთი წლის განმავლობაში ვერ შეცვლიან რეალურად ამ პროპორციას მათ საკრედიტო პორტფელში სავალუტო სესხებთან მიმართებაში. შესაძლებელია მათთვის საჭირო იყოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა.

ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ ლარიზაციის პროცესი არ შეფერხდეს, რადგან ბოლო პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ეს პროცესი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეული კოეფიციენტები შეიცვალა. რეალობა გვაქვს ის, რომ ადრე თუ გვიან მაღალი რეფინანსირების განაკვეთი უფრო წაახალისებს უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემას, ვიდრე ლარში.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ უკანასკნელ პერიოდში ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდებოდა ბიზნეს სესხებზე და არა რითეილში, რითაც კიდევ უფრო მეტად იყო წახალისებული უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები, რადგან ეს იყო 200 000 ლარზე მეტი ოდენობის სესხები“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

უკანასკნელი მდგომარეობით, საბანკო დაკრედიტებაში ლარის წილი გაზრდილია. 2021 წლის ოქტომბერში სექტორმა 3.27 მილიარდი ლარის ახალი სესხები გასცა. მათ შორის 2.16 მილიარდი ლარი ანუ 66% ლარის სესხები იყო, 1.10 მილიარდი ლარი (33%) სავალუტო კრედიტებზე მოდიოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები