მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სავალუტო დაკრედიტების გააქტიურება, შეცვლილი მოლოდინები და მაკროფაქტორები - რა ამყარებს ლარს

60ba13a0890af
შოთა ტყეშელაშვილი
04.06.21 16:46
3612
“თიბისის” მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ლარის ბოლოდროინდელი გამყარების მიზეზებზე საუბრობს. გასული 30 დღის განმავლობაში ლარი აშშ დოლართან მიმართებით 8.5%-ით გამყარდა. განსაკუთრებულად მაღალი ტემპით გამყარება მიმდინარე კვირის ორშაბათიდან დაიწყო, მას შემდეგ დოლართან მიმარტებით კურსი 12.5 თეთრზე მეტად გამყარდა.

ოთარ ნადარაია კურსის გამყარების რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. მათგან უმთავრესი ქვეყანაში გაუმჯობესებული სავალუტო შემოდინებებია. ბოლო მონაცემებით, რაც აპრილის ექსპორტს ასახავს, საქართველოს ექსპორტი 70%-ით გაიზარდა და $378 მილიონს მიაღწია. ეს მაჩვენებელი 2019 წლის ექსპორტსაც 22%-ით აღემატებოდა. ამავე თვეში ფულადი გზავნილები 145%-ით $194 მილიონამდე გაიზარდა. მისი თქმით, ამ ფაქტორების გარდა, არსებობს საბანკო-საფინანსო სექტორთან დაკავშირებული ფაქტორებიც. მათ შორისაა რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე გაზრდა და ეროვნული ბანკის მიერ ლარის რესურსის გაძვირება, მოლოდინების არხების მეშვეობით გამყარების ფონზე დეპოზიტების ნაწილის ლარად კონვერტაცია და საბანკო სექტორში სავალუტო დაკრედიტების გააქტიურება.

“ლარის გამყარების მიზეზებს რაც შეეხება, გარდა იმისა, რომ შემოდინებები გაძლიერდა, იმპორტიც იზრდება და ესეც უნდა ვთქვათ. ამის გარდა, ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა და ლარის რესურსი საკმაოდ ძვირი გახადა. ეს იწვევს იმას, რომ უფრო მეტად ხდება დაზოგვა ლარში და ნაკლებად ხდება სესხების გაცემა. შესაბამისად, პირიქით ვალუტის სესხების გაცემა იზრდება. მაისის მონაცემები ჯერ დაზუსტებული არ გვაქვს, თუმცა აპრილი იყო პირველი თვე 2019 წლის შემდეგ, როდესაც სავალუტო სესხები გაიზარდა. მანამდე, მთელი 2020 წლის და 2021 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში დაკრედიტება იყო სულ ლარში. ეს რისკის თვალსაზრისით არის კარგი, რადგან სავალუტო სესხები უფრო რისკიანია, თუმცა შექმნილ ვითარებაში ვალუტის სესხები არის, ფატობრივად, ინტერვენციების ტოლფასი.

ჩვენ წარსულშიც გვქონდა საუბარი ჭარბი ვალუტის ლიკვიდობაზე, რომელიც დაგროვდა საბანკო სისტემაში და ძალიან დიდ თანხებზე არის საუბარი, დაახლოებით, 700-800 მილიონ დოლარზე. ამას აქვს ორი მიზეზი - როდესაც გაუფასურების მოლოდინებია და იცით, რომ მარტივი პერიოდი არ გამოვიარეთ, ასეთ დროს ვალუტაში დაზოგვა, ბუნებრივია, იზრდება. მეორე ფაქტორია ის, რომ როდესაც სულ სესხებია ლარში და დეპოზიტები არ გადმოდის ლარში, ამ შემთხვევაში საბანკო სისტემაში ჭარბი სავალუტო ლიკვიდობის დაგროვება ხდება”, - განმარტავს ოთარ ნადარაია.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები