1 აგვისტოდან უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი მორიგ ჯერზე მკაცრდება და 750,000 ლარამდე იზრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ფიზიკური პირები და კომპანიები, რომლებსაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვთ, 750,000 ლარამდე ზღვრის ფარგლებში სავალუტო სესხის აღებას ვეღარ შეძლებენ და კრედიტის აღება მხოლოდ ლარში შეეძლებათ.
როგორც საქართველოს საბანკო ასოციაციაში BMG-ის განუცხადეს, სავალუტო დაკრედიტების მინიმალური ზღვრის არსებული 500,000-დან 750,000 ლარამდე გაზრდა მომხმარებლების შედარებით მცირე სეგმენტს შეეხება, ვიდრე ლარიზაციასთან დაკავშირებით გასულ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები.
ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ეს ცვლილება უფრო მეტად საშუალო ზომის კომპანიებს და იპოთეკურ სესხების კატეგორიას შეეხება.
“სავალუტო დაკრედიტების ზღვრის ყველაზე მტკივნეული ზრდა ალბათ მაშინ იყო, როდესაც ეს ზღვარი 200 000 ლარამდე გაიზარდა, მაშინ ეს ცვლილება რაოდენობრივად ყველაზე მეტ მსესხებელს შეეხო. რაც შეეხება უკვე ახლანდელ გადაწყვეტილებას, 500 ათასი ლარიდან 750 000 ლარამდე ზრდას, ეს რაოდენობრივად ძალიან მცირე არსებულ და პოტენციურ მსესხებელს შეეხება. ჩვენ ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ ეროვნულ ბანკს ჰქონდა წინასწარ განსაზღვრული გეგმა, რომ აღნიშნული ზღვარი რაღაც ეტაპზე მილიონ ლარამდე უნდა გაიზარდოს. უკანასკნელ პერიოდში ლარიზაციის ტემპის შემცირება დაფიქსირდა, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებასაც ძირითადად ამ გარემოებას ვუკავშირებთ.
ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ამ მიმართულებით ზღვრის გაზრდა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მტკივნეული გადაწყვეტილებაა. ტექნიკურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაინც პრობლემური იქნება. უფრო საშუალო ზომის კომპანიებისთვის იქნება აღნიშნული გადაწყვეტილება მეტად მტკივნეული. ასევე იპოთეკური სესხების ჭრილშიც უკვე საკმაოდ დიდი მოცულობის თანხაზე ავიდა ზღვარი და უფრო მეტი ამ სეგმენტის სესხი მოხვდება ლარიზაციის ნაწილში. ამ თვალსაზრისით შემიძლია ვთქვა, რომ რაოდენობაში შეიძლება ძალიან ცოტა მსესხებელს შეეხოს ზღვრის აწევა”, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით უტიაშვილის განცხადებით, სავალუტო დაკრედიტების ზღვრის 500 000 ლარიდან 750 000 ლარამდე ზღვრის აწევა დაახლოებით 1000 სესხს შეეხება, ხოლო ამ კრედიტების ჯამური მოცულობა 150 მილიონ დოლარამდეა.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ზღვარი 2025 წლის 1 იანვრიდანაც გაზარდა და დღემდე ის 500,000 ლარს შეადგენდა. 2024 წელს კი ეს ზღვარი 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაზარდა.




























