ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. თურნავა აღნიშნავს, რომ ფონდის მისია საქართველოში ეკონომიკური თვალსაზრისით მიმდინარე პროცესებს უმეტესწილად პოზიტიურად აფასებს და მათ შორის ფონდი ხაზს უსვამს სებ-ის მიერ რეზერვების შესყიდვის დადებით ეფექტებს. ასევე, ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ ფონდმა 0.1 პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ისინი ქვეყანაში წელს 7.3%-ის ზრდას მოელიან.
“სავალუტო ფონდის მისია ვიტყოდი, რომ იყო საკმაოდ წარმატებული. მათ პრესრელიზში აღნიშნულია ცალსახად პოზიტიური განვითარება, ასევე გაზრდილია წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, თუ აქამდე 7.2%-ს პროგნოზირებდა ფონდი, ახლა 7.3%-ის ზრდას მოელიან. ჩვენი პროგნოზი კიდევ უფრო მაღალია - 7.4%. პოზიტიური გზავნილებიდან გამოვყოფდი ეროვნულ ბანკთან მიმართებით რეზერვების ზრდაზე. 2025 წლის ნოემბრის დასაწყისის მდგომარეობით 5.8 მილიარდი დოლარი იყო და ამჟამად კიდევ უფრო გაზრდილია. რეზერვებში რეკორდული ზრდა არის და აღწევს მათი მაჩვენებლის 100%-ს. ჩვენ უკვე გადავაჭარბეთ 100%-ს,"- აღნიშნა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაიდენბერგმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში მიუთითა, რომ სებ-ის მიერ რეზერვების დაგროვებით საქართველო აღარ ჩამოუვარდება IMF-ის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ მინიმუმს და ამჟამად ქვეყანა რეზერვების ადეკვატურობის დონის 100%-ს სრულად აკმაყოფილებს. ამასთან, ჰაიდენბერგმა მიუთითა, რომ სწორი საბაზრო პირობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სებ-მა რეზერვების დამატებითი დაგროვება განაგრძოს.
"ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ნოემბერში სარეკორდო 5.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია (წინა წლის 4.1 მილიარდი აშშ დოლარიდან), რაც სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის საზომის 100%-ს შეადგენს. გაუმჯობესება დაკავშირებულია დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირებასთან და ძლიერ საერთაშორისო სავალუტო შემოდინებებთან: მომსახურების ექსპორტიდან და ფულადი გზავნილებიდან, რამაც სებ-ს ვალუტის შესყიდვების საშუალება მისცა. რეზერვების ზრდაში პოზიტიური როლი ითამაშა ოქროს ფასების მატებამ. ბაზარზე ხელშემწყობი პირობების არსებობის შემთხვევაში რეზერვების შემდგომი დაგროვებაც სასურველია,"- აღნიშნულია IMF-ის მისიის ხელმძღვანელის განცხადებაში.




























