სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მხრიდან არაა თანხმობა საქართველოსთან ახალი პროგრამის დაწყებაზე და სწორედ ამიტომ არ ითხოვს "ქართული ოცნება" პროგრამას. მან ამის შესახებ "ანალიტიკასთან" ინტერვიუში ისაუბრა, სადაც IMF-ის მისიის უახლესი ვიზიტი შეაფასა.
რომან გოცირიძის თქმით, ნაბიჯები რომელიც იდმგება, იგივე სახელმწიფო საწარმოების რეფორმის დაანონსება, არაა თანხვედრაში სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრულ მიზნებთან და პოლიტიკური საფუძველი აქვს. მათ შორის, რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის მიერ სახელმწიფო საწარმოებში კადრების ოპტიმიზაციის დაანონსებას ირაკლი ღარიბაშვილის კადრების ჩანაცვლების მოტივს უკავშირებს.
"ფონდის პროგრამა არ იქნება, არ მოუთხოვია მთავრობას, რადგან იცის, რომ უარს მიიღებს. სავალუტო ფონდის პოზიცია რომ დადებითი იყოს, ხვალვე მიმართავდა მთავრობა და ეროვნული ბანკი პროგრამის განახლებაზე. მით უმეტეს, კობახიძემ განაცხადა სახელმწიფო საწარმოების რეფორმას ვაპირებო, 52 მილიონ ლარი დაიზოგება ხალხის ოპტიმიზაციითო, ანუ ამ უწყებებში ვინც გვყავდა გაფორმებული, ამდენს ჭამდაო ყოველწლიურად, ხოლო მომავალ წელს 1 მლრდ ლარი დაიზოგებაო...
სინამდვილეში, აუდიტის სამსახურში იმიტომ დაინიშნა პროკურორი, რომ რკინიგზაში მოხსნიან ყველას და კობახიძე დაიწყებს ღარიბაშვილის კადრების წმენდას, სახელმწიფო საწარმოებში, სადაც იყო ღარიბაშვილის კადრები, ჩაანაცვლებს საკუთარით, ანუ ძალაუფლების განმტკიცების ინსტრუმენტად იქნება გამოყენებული. შემცირებული ხალხი, რომელიც მათი აქტივია, სსიპ-ებში და მუნიციპალიტეტებში გადავა. რაც ახლა ხდება, სხვა მიზნითაა და განსხვავდება სავალუტო ფონდის პროგრამით შეთავაზებული ცვლილებების მიზანთან",- აღნიშნა რომან გოცირიძემ.
საქართველოში IMF-ის მისიის ვიზიტი დასრულდა - წინასწარი მიგნებები სრულად




























