ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ 1 ივლისიდან სავალუტო დაკრედიტების ზღვრის მორიგ ჯერზე, 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაზრდა წლიურად დაახლოებით 220 მლნ დოლარის სესხების პორტფელს შეეხება.
როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ამ სეგმენტის მსესხებლები არამხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესი, არამედ ფიზიკური პირებიც არიან, მათ შორის იპოთეკური სესხების ნაწილში.
დავით უტიაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლებში გატარებული ლარიზაციის პოლიტიკის შედეგად, ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის დონე მნიშვნელოვნად, 21%-მდეა შემცირებული, თუმცა შედარებით მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება იურიდიული პირების სესხებში დოლარიზაციის წილი.
“ეს ცვლილება ფიზიკურ პირებსაც შეეხება. მოგეხსენებათ, ბინების ფასს მზარდი დინამიკა ჰქონდა და ახლა უკვე 750 000 ლარიდან მილიონ ლარამდე ბინის ფასი ქალაქის ცენტრალურ უბნებში ჩვეული პრაქტიკაა. ამიტომ, მათ შორის იპოთეკურ სესხებსაც შეეხება. მაგალითად, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 750 000-დან 1 მილიონ ლარამდე დაახლოებით 1000 სესხი გაიცემა წლიურად და მათი ნახევარი არის ფიზიკურ პირებზე. სულ ჯამში ეს პორტფელი არის დაახლოებით 220 მილიონი დოლარის ეკვივალენტი, რაც წლიურად ამ ზღვარში გაიცემოდა. ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ ამ ზღვრის აწევას და მისი პირველი მიზანი მაინც არის მომხმარებლების დაცვა, რომ ის ადამიანებს, ვისაც არ აქვთ შემოსავალი უცხოურ ვალუტაში, დავიცვათ.
მართლაც, გრძელვადიან დინამიკას თუ შევხედავთ სესხებში დოლარიზაციას შემცირების ტენდენცია აქვს. განსაკუთრებით ეს გამოკვეთილი არის ფიზიკურ პირებში, დაახლოებით 21%-ზე ვართ უკვე ჩამოსული უცხოური ვალუტის წილზე ფიზიკური პირების დაკრედიტების შემთხვევაში და აქედან დაახლოებით 15% არის ჰეჯირებული. ანუ ამ ადამიანებს აქვთ ან პირდაპირი შემოსავალი უცხოურ ვალუტაში, ან გზავნილები, ან თავად მუშაობენ საზღვარგარეთ. ამიტომ ფიზიკური პირების შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მიზანი, რაც გვქონდა, დიდწილად უკვე მიღწეულია და მილიონიანი ზღვარი ამას უზრუნველყოფს.
თუმცა დოლარიზაციის მნიშვნელოვანი რისკი რჩება იურიდიული პირების შემთხვევაში, რომლებიც შედარებით მსხვილი კომპანიები არიან, შედარებით უკეთ მართავენ რისკებს, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემურად ეს უფრო პატარა პრობლემაა, ვიდრე ფიზიკური პირების შემთხვევაში. თუმცა [სესხებში დოლარიზაციის] 42%-იანი წილი ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი არის რეგიონში და გლობალურად. ამიტომ ვთვლით, რომ ეს სისტემურ რისკად რჩება. საქართველოში დოლარიზაციის ბუნებრივი დონე ყოველთვის იქნება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სავალუტო შემოდინებები, ღია ეკონომიკა ვართ, ტურიზმი გვაქვს, გზავნილები, ექსპორტი. ამიტომ რაღაც დონე აუცილებლად დარჩება, თუმცა 42% შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მაღალია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 30%-ზე ზემოთ მაინც რისკიან მაჩვენებლად უნდა ჩაითვალოს”, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.
ცნობისთვის, 1 ივლისიდან მათთვის, ვისაც ლარში აქვს შემოსავალი, უცხოურ ვალუტაში მილიონ ლარამდე მოცულობის სესხის აღება შეიზღუდა.



























