26 ივლისს, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. FED-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით (0.25%) გაიზარდა. გამკაცრების შედეგად, ფედერალური რეზერვის ძირითადი განაკვეთები 5.5%-ის ფარგლებში განისაზღვრა, რაც ამერიკული სტანდარტებით უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია, კერძოდ, ასეთი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აშშ-ში 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა.
საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის თანახმად, საქართველოს ბაზარზე ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდა ჯერ სრულად არ ასახულა. ორგანიზაციის თანახმად, 2023 წლის მაისის მდგომარეობით, სავალუტო ბიზნეს სესხების საშუალო განაკვეთი 9.8%-ს შეადგენდა, რაც მომდევნო პერიოდების განმავლობაში კიდევ უნდა გაიზადოს.
Galt & Taggart-ის თანახმად, ევროკავშირსა და აშშ-ში ცენტრალური საპროცენტო განაკვეთები პიკს 2023 წლის ბოლოსთვის მიაღწევს, რის შემდეგაც მათ შემცირების ტენდენცია ექნებათ.