მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა ბანკებს უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით გაუზარდა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის დეპოზიტებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით გაუზარდა - შესაბამისი გადაწყვეტილება სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ ბანკებში არსებული სავალუტო ლიკვიდობა გაზრდილ სავალუტო დაკრედიტებაში არ გადაიქცეს.

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა არის ის ვალდებულება, რომელიც კომერციულმა ბანკმა ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე უნდა განათავსოს. ამჟამად, 1 წლამდე ლარით მოზიდული სახსრებისთვის სარეზერვო მოთხოვნა 5%-ია, ხოლო უცხოურ ვალუტაში არსებული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები მერყეობს 10%-დან 20%-მდე, შესაბამისად ეს მოთხოვნა 15%-დან 25%-მდე გაიზრდება.

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის მოცულობა კონკრეტული ბანკებისთვის დამოკიდებულია მათი დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტებზე, რაც უფრო მაღალია ბანკის დეპოზიტების ლარიზაცია მით უფრო მცირეა მისთვის დაწესებული სარეზერვო მოთხოვნა, შესაბამისად უფრო დოლარიზებული დეპოზიტების მქონე კომერციული ბანკებისთვის ეს მოთხოვნა უფრო მაღალია. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, კი ის ყველა ბანკისთვის 5%-ით გაიზარდა.

"სებ-ი ასევე აქტიურად ადევნებს თვალყურს დეპოზიტების დოლარიზაციის დინამიკას, რომლის დონეც ოქტომბერში არსებული გაურკვევლობის ფონზე გაიზარდა და ფინანსურ სისტემაში ჭარბი უცხოური ვალუტის ლიკვიდობის დაგროვებას შეუწყო ხელი. იმისათვის, რომ ჭარბი ლიკვიდობა სესხების დოლარიზაციაში არ გადაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

თავად მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების პირობებში სებ-ში განთავსებული სახსრები საქართველოს სავალუტო რეზერვების შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, მათი ზრდა რეზერვების ზომის ზრდასაც გამოიწვევს.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ამჟამად მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ფარგლებში დაცულია 4.8 მილიარდი ლარი, ანუ 1.8 მილიარდი დოლარი. ამ მოთხოვნის 5%-ით ზრდის შემდეგ ის დაახლოებით 5.14 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები