საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ ზრდას განაგრძობს. წლიურად ძვირფასი მეტალი 44%-ით არის გაძვირებული და 1 უნციაზე ფასმა 3 645 დოლარსაც გადააჭარბა.
როგორც "ზარაფხანას" აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე სამხარაძე ამბობს, მოლოდინია, რომ გლობალურად ოქროს ფასის ზრდა გაგრძელდება.
მან "საქმიანი დილას" ეთერში ტენდენციები შეაფასა და განაცხადა, რომ ოქროს გაძვირებამ წელს ნაკეთობების ფასის 12-13%-იანი მატება უკვე გამოიწვია, თუმცა კომპანია წლის ბოლომდე ფასების გადახედვას აღარ გეგმავს.
"არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომ ვიფიქროთ, ოქროს ფასი მოკლევადიან პერიოდში შემცირდება. მით უმეტეს, როდესაც წლის ყველაზე დატვირთულ პერიოდში შევდივართ, მეოთხე კვარტალში, როდესაც ოქრო ყველაზე მოთხოვნადი ხდება მსოფლიოს მასშტაბით. ამას ემატება გეოპოლიტიკური გამოწვევები. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ოქროს ფასი კიდევ გაიზრდება წლის ბოლომდე და ახალ რეკორდებს უნდა ველოდოთ. სუფთა ოქრო, რომელიც ჩვენთვის სამუშაო ნედლეულია დღესდღეობით 305 ლარი ღირს, თუმცა ალბათ ეს უახლოეს 2-3 დღეში ავა 308-309 ლარამდე. ივლისის ბოლოს 288 ლარი ღირდა, ერთ თვეში 17 ლარით გაიზარდა.
რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის, როგორც მწარმოებლებისთვის მძიმედ გადასატანი ცვლილებებია. მოგვიწია, რომ წელს 2-ჯერ გაგვეზარდა ფასი. ჯამურად, წლის ჭრილში პროდუქციაზე ფასი დაახლოებით 12-13%-ით გაიზარდა. ეს აისახა კიდევაც შედეგებზე, დაეტყო ჩვენს გაყიდვებს. ივლისში გვქონდა 6%-იანი კლება წინა წელთან შედარებით, მაისშიც ასევე 6%-იანი კლება. ჩვენი პოლიტიკაა, რომ წლის ბოლომდე ფასებს შევინარჩუნებთ. დაახლოებით 3800 დოლარი არის ის ნიშნული, სადამდეც ჩვენი ფასები არ გადაიხედება",- ამბობს თორნიკე სამხარაძე.
მისივე თქმით, კომპანია წლიურად გაყიდვების 13%-იან ზრდას ვარაუდობს.
"2025 წელს მოლოდინი გვაქვს, რომ ზრდით დავხურავთ, რადგან სხვა თვეებში გვქონდა ზრდა. აგვისტო 11%-იანი ზრდით დავხურეთ წინა წელთან შედარებით. მოლოდინია, რომ დაახლოებით 13%-ის ფარგლებში იქნება წლიური ზრდა",- ამბობს "ზარაფხანას" აღმასრულებელი დირექტორი.




























