„სავარაუდოდ, ვერ გავაკეთეთ მაქსიმუმი, ვერ ვაჩვენეთ დასავლეთს თუ რა ხდება საქართველოში და როგორ სწრაფად მძიმდება სიტუაცია ქვეყანაში“, - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ დიპლომატმა გიგი გიგიაძემ ჟურნალისტის კითხვას - გაკეთდა თუ არა მაქსიმუმი იმისთვის, რომ გაზრდილიყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე ზეწოლა, რათა დასავლეთს პოლიტპატიმრების გამოშვება მაინც ეიძულებინა.
„ჩვენი მთავარი მინუსი არის ის, რომ რეალურად ჩვენ არ დაგვიჯერა დასავლეთმა, როცა იწყებოდა ეს პროცესები და როდესაც ვამახვილებდით ყურადღებას იმაზე, რომ მიმდინარეობს ადამიანის უფლებების შეზღუდვა; მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა; მიზანმიმართულად მიმდინარეობს მედიასაშუალებების შეზღუდვა. რეალურად, მაშინ ასე ვთქვათ, ის ყურადღება გვექცეოდა, რაც - ახლა, როდესაც უკვე ყველაფერი გამოჩნდა, მათ შორის დასავლეთშიც. თქვენ ხედავთ, თუ რა მკაცრი რეაქცია მოჰყვა ამ პროცესებს.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირ ტყუილში ამხილა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები - ელინა ვალტონენმა ძალიან დელიკატურად, ზრდილობიანად, მაგრამ პირდაპირ მკაფიოდ დაანახა ყველას საქართველოში, რომ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ თავიდან ბოლომდე სრული ტყუილის რეჟიმში შევიდა. ისინი 24 საათის განმავლობაში ავრცელებენ ტყუილს, მათი პროპაგანდა არის უკვე ყოვლისმომცველი. ფაქტობრივად, სიმართლის ნაწილი მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გამქრალია, ამიტომ ძალიან კარგად მოხდა მინიშნება, თუ რასთან გვაქვს საქმე და ყველამ დავინახეთ ის მდგომარეობა, რომელიც საქართველოშია, ასევე, ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის აღქმული დასავლეთშიც, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან
- გასაგებია, მაგრამ ჩემი კითხვაა - კიდევ რის გაკეთება შეუძლია სამოქალაქო სექტორს თუ ოპოზიციას იმისთვის, რომ დასავლეთიდან მეტი ზეწოლა იყოს „ქართულ ოცნებაზე“, რათა პოლიტპატიმრების გათავისუფლება მაინც იქნეს მიღწეული?
- ამ კითხვაზე ნამდვილად პასუხი არა მაქვს; ვერ გეტყვით, კიდევ რა შეიძლება დამატებით გაკეთდეს. ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს საკუთარი დამოუკიდებულება და საკუთარი სუვერენიტეტი; ჩვენ უნდა შევძლოთ მაქსიმუმის გაკეთება, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა, არ დაკარგოს ევროპული ამბიცია და არ დავიკარგოთ ევროპული თვალსაწიერიდან - მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.
„წერტილთან“ ინტერვიუში გიგი გიგიაძემ რამდენჯერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად რთული მდგომარეობისა, საზოგადოებას ფრუსტრაციის საფუძველი არ აქვს, რადგან ევროკავშირში, საქართველოსთან მიმართებით, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების მზაობა უკვე არსებობს.
დიპლომატი გულისხმობს „გარკვეული ჯგუფებისთვის“ უვიზო რეჟიმის შეჩერებას, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით განიხილავს, რათა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მოქალაქეებს არ შეეხოს.
„ვხედავთ, რომ რეალურად, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი არის მომწიფებული, რომელიც „გარკვეულ ჯგუფებზე“ გავრცელდება“, - განაცხადა მან და წამყვანის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ მიუხედავად კონკრეტული გადაწყვეტილების ვერმიღებისა ლუქსემბურგის სამიტზე, „ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო, სადაც მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, ევროკავშირის დღის წესრიგში იყოს“.
შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა, სადაც მსჯელობის საგანი საქართველოც იყო. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის კაია კალასის განცხადებით, კომისიამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა სანქცირების სხვადასხვა რეჟიმი წარადგინა, თუმცა ვერ შეძლო შეთანხმება, რადგან ყველა წევრი სახელმწიფო არ უჭერს მხარს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირებას ევროკავშირში უნგრეთი და სლოვაკეთი ბლოკავდნენ.




























