მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწარმოებს 2024 წლიდან წყლის სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ

6385e16b27cd1
ელენე გოგბერაშვილი
29.11.22 21:55
822
იმ კომპანიებს, რომლებიც საქმიანობაში წყლის რესურსებს გამოიყენებენ, 2024 წლიდან წყლის სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ. ამას „წყლის რესურსების მართვის“ ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგიდან გამომდინარე მოამზადა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, გარდა მოსაკრებლის გადახდისა კერძო სექტორს მოუწევს ინვესტირება თავიანთ ინფრასტრუქტურაშიც, რათა ის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანონ. გათვალისწინებულია სხვა ვალდებულებების შესრულებაც, რაც დაკავშირებულია მაგალითად, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ქონასთან და გარკვეული სტანდარტის დაცვასთან, რაც ასევე ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს. როგორც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე bm.ge-სთან საუბარში განმარტავს, ამ ეტაპზე მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრული არ არის.

„კანონპროექტი განსაზღვრავს სამომავლოდ, რომ შეიძლება დადგინდეს მოსაკრებელი წყლით სარგებლობისათვის. ეს ეხება ძირითადად სამრეწველო საქმიანობას, რომელიც დიდ რაოდენობით წყლის რესურსს მოიხმარენ. დღესდღეობით მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრული არ გვაქვს, აქ მნიშვნელოვანია ჩატარდეს ეკონომიკური შეფასება ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი, რომ სახელმწიფომ სწორად განსაზღვროს ის თანხა, რომელიც საბოლოოდ მომხმარებელს არ უნდა დააწვეს მძიმე ტვირთად და ბიზნეს საქმიანობებს არ უნდა შეუშალოს ხელი. ვფიქრობთ, მომავალ წელს ჩვენ შევძლებთ კანონის მიღებას და მის ეტაპობრივ ამოქმედებას“,-აცხადებს ნინო თანდილაშვილი.

ამასთან წარმოდგენილ კანონპროექტს სანებართვო სისტემაც შემოაქვს იმ კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია წყლის მოხმარებასთან და გარკვეული რაოდენობით წყლის ჩადინებასთან მდინარეებში. აღსანიშნია ის, რომ ახალი სანებართვო სისტემა შეეხება მხოლოდ კანონის ამოქმედების შემდგომ ნებისმიერ ოპერატორს, იქნება ეს საწარმოო ობიექტი, თუ ჰიდროელექტროსადგური.

სანებართვო რეჟიმს დაექვემდებარება სპეციალური წყალსარგებლობა. ამ შემთხვევაში კანონს ნებართვის სამი სახე შემოაქვს, როცა ბიზნესს მოუწევს ერთ შემთხვევაში ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვის აღება, მეორე შემთხვევაში ნებართვას ექვემდებარება ზედაპირულ წყლის ობიექტში წყალჩაშვება, მესამე შემთხვევაში კი საუბარია კომბინირებულ ნებართვაზე. სანებართვო მოსაკრებელი 100, 100 და 200 ლარით არის განსაზღვრული.

დღეს არსებული მოსაკრებლის ოდენობის მიხედვით, ამ მუხლის ძალაში შესვლის შემდეგ კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ბიუჯეტში დაახლოებით 5 მლნ ლარის შემოსავლის მობილიზება მოხდება. აღნიშნული რეგულაცია კანონპროექტით, ძალაში 2024 წლის 1 იანვარს უნდა შევიდეს.

„ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერ სამრეწველო საქმიანობას ესაჭიროება წყალი, რომ მოიხმაროს საქმიანობის პროცესში და მეორეს მხრივ საწარმოო პროცესის შედეგად გამდინარე წყალი რიგ შემთხვევებში ხვდება ასევე მდინარეებში. ამისათვის დაწესდება შესაბამისი სანებართვო სისტემა და ნებისმიერ ოპერატორს, ბიზნეს სუბიექტს მოუწევს წყლის აღების და წყლის ჩაშვების ნებართვის აღება ახალი კანონმდებლობის პრინციპების შესაბამისად. რაც შეეხება უკვე არსებულ ობიექტებს, რომლებიც კანონის ძალაში შესვლამდე ფუნქციონირებენ, მათთვის ეს ახალი სანებართვო სისტემა თავისი შეზღუდვებით არ იქნება რელევანტური, რადგან ჩვენ გადავხედავთ ყველა არსებულ საქმიანობას, რომელიც კანონის ამოქმედებამდე დაიწყო, რადგან კანონის ამოქმედებამდე სხვა რეჟიმი მოქმედებდა წყლით სარგებლობისათვის.

ეს ახალი სანებართვო სისტემა შეეხება მხოლოდ კანონის ამოქმედების შემდგომ ნებისმიერ ოპერატორს, იქნება ეს საწარმო ობიექტი, იქნება ეს ჰიდროელექტროსადგური, ყველას ვისაც წყალმოხმარება დასჭირდება თავისი საქმიანობის პროცესში. ამის მიზანია სახელმწიფოს ზუსტად ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ რა რაოდენობის წყალს მოიხმარს და რამდენად ეს სჭირდება ამა თუ იმ საქმიანობას კონკრეტული რაოდენობის წყალი, ამის შეფასება მოხდება ნებართვის გაცემის დროს. ეს არის მთავარი მიზანი ამ ახალი რეგულაციების. მსგავსი პრინციპები მოქმედებს ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში“,-აცხადებს bm.ge-სთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

ახალი კანონის მოქმედების შემთხვევაშიც საერთო წყლის მოხმარება ნებართვის გარეშე განხორციელდება და იგი უფასო იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები