ქართული ეკოპლასტელინის მწარმოებელი ბრენდი “ფერწო” ზაფხულამდე მცირე საწარმოს მოაწყობს და პროდუქტს თბილისის გარეთ, რეგიონებსა და სოფლებში გაყიდის.
“ფერწოს” დამფუძნებელი გვანცა ამურველაშვილი bm.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ საწარმოს მოწყობისთვის დანადგარებს პირადი ფინანსებით შეიძენს და ადამიანებსაც დაასაქმებს. მისივე თქმით, სტარტაპს პარტნიორის მოძიებას გეგმაც აქვს, რათა სამომავლოდ ეკოლოგიურად სუფთა პლასტელინი საქართველოს ყველა ობიექტში, მათ შორის აფთიაქებშიც იყო წარმოდგენილი, შემდგომ კი ექსპორტზეც გავიდეს.
“მინდა “ფერწოს” პლასტელინის შეძენა საქართველოში ნებისმიერ ლოკაციაზე იყოს შესაძლებელი. ამ ეტაპისთვის ამაზე ვმუშაობ. ახალ წლამდე ჩემი გეგმა 15-მდე მაღაზიაში შესვლა იყო, რაც უკვე განვახორციელე, ზაფხულამდე კი მცირე საწარმოს მოწყობა და პლასტელინების თბილისის გარეთ, რეგიონებსა და სოფლებში, გაყიდვას ვგეგმავ. გარდა ამისა, “ფერწო” სხვა ადამიანებსაც დაასაქმებს.
რაც შეეხება ექსპორტს, ბიზნესპარტნიორის მოძიების პროცესში ვარ, რადგან პროდუქტის ექსპორტზე დამოუკიდებლად გატანა მარტივი არ არის. ამასთან, პარტნიორი “ფერწოს” დანარჩენ ობიექტებში, მათ შორის, აფთიაქებში შეტანაში დამეხმარება” - ამბობს სტარტაპის დამფუძნებელი.
ცნობისთვის: “ფერწო” 1 წლის წინ ნულოვანი ინვესტიციით შეიქმნა. ამ დროისთვის ბრენდის 20 ფერის პლასტელინი თბილისის მასშტაბით 13 მაღაზიაშია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ “ფერწოს” 100 გრამიანი პლასტელინის შეფუთვის ფასი 2 ლარია.