მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის ფასი უახლოეს ხანებში 2 ლარს უნდა მიუახლოვდეს - დავითაშვილი

63f360cf4f861
ინგა მურუსიძე
20.02.23 16:06
1579
ველოდებით, რომ საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება, - ამის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, რესურსი არსებობს, რომ საწვავი კიდევ გაიაფდეს.

„საწვავთან დაკავშირებით ჩვენ უკვე დავინახეთ კლების ტენდენცია, რომელიც ბაზარზე არსებობს. „რეგულარის“ ტიპის საწვავის ფასი დღეს ზოგიერთ ბრენდირებულ ქსელში 2.39 ლარია, დამატებით კომპანიებს გააჩნიათ მარკეტინგული კამპანიები და 15-თეთრიანი დამატებითი შეღავათები აქვთ.
შესაბამისად, პროპორციულად იკლებს პრემიუმის და სხვა საწვავის ფასი. ჩვენი მოლოდინით, დამატებით 10 თეთრით გაიაფდება საწვავი მიმდინარე კვირის ბოლომდე და კიდევ არსებობს საწვავის მნიშვნელოვანი გაიაფების რესურსი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული საუბარი საწვავის დისტრიბუტორებთან და იმპორტიორებთან. ჩვენ გავაანალიზეთ მარჟები, გავაანალიზეთ ტენდენციები და ვფიქრობ, იქნება ოპტიმალური მარჟები, განსაკუთრებით ყველაზე მოთხოვნად საწვავზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, მთავრობის მოლოდინია, რომ საწვავის ფასი 2 ლარს უნდა მიუახლოვდეს, უახლოეს ხანებში.

„თებერვლის განმავლობაში კლების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. მოსახლეობას სურს, რომ კლება ერთ დღეში მოხდეს, თუმცა არსებობს ძვირად შესყიდული ნაშთები. იმ შეთანხმებით, რაც მთავრობას და ბაზრის მოთამაშეებს შორის არსებობს, გულისხმობს გონივრულ მარჟას და არა მხოლოდ კომპანიის ინტერესების გათვალისწინებას“, - თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ: განცხადება იმის შესახებ, რომ საწვავზე ფასებმა უნდა დაიკლოს, დღეს კიდევ ერთხელ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, თუ იმპორტიორები გონივრულ მარჟებზე არ იმუშავებენ, მთავრობა რეგულაციებზე იმსჯელებს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები