მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავზე ფასების კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი - ლექვინაძე

63bfd68c19fc9
მარიამ დემეტრაშვილი
12.01.23 13:50
1051
კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში ვარაუდობენ, რომ საავტომობილო საწვავზე ფასები შემცირდება. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„2022 წლის მარტიდან დღემდე 1 ლარზე მეტად არის შემცირებული ყველა ტიპის საწვავზე ფასები. ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის საერთაშორისო ბაზარზე ფასების შემცირება და ეროვნული ვალუტის გამყარება. თუმცა ვთვლით, რომ მოსალოდნელია ფასის კიდევ შემცირება. დღევანდელი წინაპირობები ამის თქმის საფუძველს გვაძლევს“, - თქვა ლექვინაძემ.

რაც შეეხება საწვავის ფასების კუთხით ბაზრის მოკვლევას, მისი შედეგები თებერვალში გახდება ცნობილი, თუმცა როგორც ირაკლი ლექვინაძე ამბობს, მოკვლევის დაწყების შემდეგ, საწვავის რეალიზატორებს შორის კონკურენცია გაიზარდა.

„დავაკვირდით ტენდენციას, რომ მსხვილ კომპანიებს შორის ერთსა და იმავე ტიპის საწვავზე ფასებს შორის სხვაობები იყო მინიმალური და მოკვლევის დაწყების შემდეგ, ეს სხვაობები გაიზარდა. ეს აჩვენებს, რომ კომპანიები ერთმანეთთან მეტ კონკურენციაში შევიდნენ. გარდა ამისა, თუ მოკვლევის დაწყებამდე მცირე და მსხვილ ქსელებში ყველაზე იაფფასიანი საწვავი საკმაოდ დიდი ფასთა სხვაობით იყო წარმოდგენილი (60-80 თეთრი), დღეს მათ შორის ეს ფასთა სხვაობა არის შემცირებული.

აგვისტოში დავიწყეთ 5 მსხვილი რეალიზატორის წინააღმდეგ მოკვლევა და საკითხი ეხება ბაზარზე შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქცევას. ამ ეტაპზე ეკონომიკური ანალიზი დასრულებული გვაქვს და კომპანიებისგან ინფორმაცია მიღებული გვაქვს. ახლა მიმდინარეობს დამუშავება და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გადაწყვეტილებას თებერვლის თვეში გავაცნობთ საზოგადოებას“, - თქვა ლექვინაძემ „მთავარის“ პრეკლუბში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები