მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სახელმწიფო ფერმებს უნდა დაეხმაროს, მაგრამ არა - უსასრულოდ” – „კულა“

63d26abed6e47
თინათინ ნატმელაძე
26.01.23 22:47
758
გასულ წელს საქართველოში 73 000 ტონა არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდა, რაც რეკორდული შედეგია. სახელმწიფოს მხრიდან არასტანდარტული ვაშლის სუბსიდიამ კი 10 მილიონ ლარს გადააჭარბა.

საჭიროა თუ არა ფერმერებისთვის ვაშლის სუბსიდირება და რა შედეგები აქვს ამ პროცესს, ამის შესახებ კომპანია „კულას“ გენერალურმა დირექტორმა ვანო გოგლიძემ გადაცემა „საქმიანი დილას“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ფერმერები სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას საჭიროებენ, თუმცა ეს პროცესი გარკვეული კრიტერიუმებით უნდა რეგულირდებოდეს.

„სახელმწიფოს ერთ-ერთი ვალდებულებაა, ფერმერებს და მეწარმეებს დაეხმაროს, ამ ეტაპზე კი სახელმწიფო ფერმერებს მეწარმეების გავლით ეხმარება. ჩვენ იმ პერიოდში ვართ, როცა საქართველოში სოფლის მეურნეობა ხელახლა იწყებს აყვავებას, გაშენდა ბევრი ბაღები, სხვადასხვა კულტურები და სანამ ეს ფეხზე დადგება სახელმწიფო ფერმერებს უნდა დაეხმაროს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს უსასრულო. ყველა პროდუქტს, ეს იქნება ვაშლი თუ ატამი, აქვს არასტანდარტული მოსავალი, რომელიც რიგ შემთხვევებში 25%-ს შეადგენს, ამ მოსავალს თუ არ დააბინავებ და ბაღებში დატოვებ, მომავალ წელს მათი მოვლა უფრო გაჭირდება, რადგან უარესი მოსავალი იქნება.

ამიტომ აუცილებელია ერთგვარი კრიტერიუმების შემუშავება და ფერმერების გაფრთხილება, მაგალითად მათთვის თქმა, რომ თუ კი არასტანდარტული მოსავალს 20%-ზე მეტს მოიყვანენ, მაშინ ისინი სუბსიდირების თანხას დაკარგავენ. ეს მათ მეტი სიფრთხილის და მუშაობის მოტივაციას მისცემთ. არასტანდარტული ხილი, რა თქმა უნდა, გარემო პირობებიდან გამომდინარე სულ იარსებებს, მაგრამ შედარებით მცირე რაოდენობით,“ - განმარტავს "კულას" დირექტორი.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებდა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა. პროგრამაში ჩართვა შეეძლო ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები