მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტზე EU განცხადებას ავრცელებს

61cb760687c4b
BM.GE
29.12.21 00:33
498
ევროკავშირის წარმომადგენლობა პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას ეხმაურება. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ასუნსიონ სანჩეს რუისი „ინტერპრესნიუსთან” აღნიშნავს, ამ კვირაში საქართველოს პარლამენტში დაწყებული პროცესი, კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების თაობაზე, რომელიც გამოიწვევს სახელმწიფო ინსპექტორის არსებული სამსახურის გაუქმებას, საქართველოს დემოკრატიისთვის მაღალი რისკის შემცველია.

„ვინაიდან შეიძლება არსებობდეს მიზეზი, რომ საკანონმდებლო წესით გაუმჯობესდეს საგამოძიებო და მონაცემთა დაცვის ფუნქციები, რომლებიც ამჟამად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ეკისრება, ასეთი ცვლილებები უნდა განხორციელდეს ღია და გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში, არსებითი, ფართო დებატებით, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის საქართველოში არსებული დამოუკიდებელი მექანიზმი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამოსაძიებლად და, შესაბამისად, კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საკვანძო ინსტიტუტს წარმოადგენს. ევროკავშირი ჩართული იყო ამ სამსახურის შექმნაში და მის განვითარებაში მნიშვნელოვანი ფინანსური და ადამიანური რესურსების ინვესტირება მოახდინა. ამიტომ, ჩვენ ამ ქმედებებით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ და ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლების პარლამენტთან ურთიერთქმედება შესაძლებელი არ აღმოჩნდა“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა მოახდინა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით შეტანის ინიცირება და ამ ცვლილებების პროექტთან დაკავშირებული ვადები და ნაჩქარევი განხილვა კიდევ უფრო სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების ვალდებულებასთან დაკავშირებით - ჩატარდეს მართლმსაჯულების ჭეშმარიტი რეფორმა დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღსადგენად.

„ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების ნდობა და დამოუკიდებლობა არსებითია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის და ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შეთანხმების სათანადო განხორციელების და საქართველოს ევროპული მისწრაფებების განუყოფელი ნაწილია“, - აღნიშნა ასუნსიონ სანჩეს რუისმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები