საქართველოს სახელმწიფო კომპანიების საგარეო ვალი 1.72 მილიარდ დოლარამდე ანუ 5.81 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
ეს ვალი აერთიანებს სახელმწიფო კომპანიების როგორც საერთაშორისო ობლიგაციებს, ასევე მათ პირდაპირ საგარეო ვალდებულებებს.
2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციების ნაშთი $802 მილიონი დოლარი იყო, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $30 მილიონით ნაკლებია. საგარეო სესხების მოცულობა კი $923 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად $57 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. შესაბამისად, გასულ წელს სახელმწიფო საწარმოების ჯამური ვალდებულება $27 მილიონით გაიზარდა.
ამ ვალდებულებებში შედის ნავთობისა და გაზის კორპორაციის $250 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები და სახელმწიფო რკინიგზის მიერ გამოშვებული $500 მილიონი დოლარის მოცულობის ევროობლიგაციები.
სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებების და ეროვნული ბანკის ვალის გათვალისწინებით, სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი 2020 წლის 31 დეკემბერს $9.7 მილიარდი დოლარი ანუ 32.78 მილიარდი ლარი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო კომპანიები წლიდან წლამდე ზარალიანობით გამოირჩევიან და 2019 წელი მათ 55 მილიონი ლარის, 2018 წელს კი 713 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდათ, არის რისკი იმისა, რომ სუსტი ფინანსური შედეგების გათვალისწინებით მათი გადახდის ვალდებულება გადასახადის გადამხდელებზე გადავიდეს.
რაც შეეხება კერძო სექტორის ჯამურ ვალს ის $10.6 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით $100 მილიონი დოლარია. მათ შორის უშუალოდ საბანკო სექტორის საგარეო ვალი $4.4 მილიარდი ლარი იყო.