ქვეყანაში შექმნილი ვითარება, სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, საბიუჯეტო თანხების არასწორი ხარჯვის რისკების შემცველია და საჭიროებს მაღალი ხარისხის გამჭვირვალობასა და მუდმივ მონიტორინგს, - ამის შესახებ ნათქვამია IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი“ დაინტერესდა, თუ ვისთან ფორმდება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესაძენად, რომლითაც სხვადასხვა ჯგუფების სოციალური დახმარება ხორციელდება.
მმართველი პარტიის შემომწირველი კომპანიები საკვები პროდუქტის შესყიდვებში:
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 მარტის განკარგულებით, სასურსათო პროდუქტების მარაგების შექმნის მიზნით, ააიპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დაევალა არაუმეტეს 5,000 ტონა შაქრის, 500 ტონა მაკარონის ნაწარმისა და 1,500,000 ლიტრი მზესუმზირის ზეთის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ ჯამურად შესყიდვების სააგენტოსგან 16 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვის განხორციელება მოითხოვა, ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით. აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში 2 ხელშეკრულება გაფორმდა:
3 აპრილს სააგენტომ ხელშეკრულება გააფორმა შპს მზიურთან 1,500,000 ლიტრი მზესუმზირის ზეთის მიწოდებაზე, რომლის ჯამურმა თანხამ 1,424,400 აშშ დოლარი შეადგინა. 3 აპრილის გაცვლითი კურსით ეს თანხა 4,531,443.72 ლარია. ამ ხელშეკრულების ფარგლებში 11 მაისის მდგომარეობით მიღება-ჩაბარებების აქტები 448,098$-ზეა გაფორმებული, თუმცა ხელშეკრულება კვლავ ძალაშია.
რაც შეეხება მიმწოდებელ კომპანია შპს მზიურს, მისი დირექტორი შოთა ბასილაშვილია, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - დიმიტრი რამიშვილი. ორივე მათგანს, ერთსა და იმავე დღეს ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილისათვის 80-80 ათასი ლარი აქვთ შეწირული.
კომპანიის 100%იანი წილის მფლობელი აკაკი ახვლედიანია, რომელიც მრავალ კომპანიაში ფლობს წილს. ახვლედიანის ერთ-ერთი ბიზნეს პარტნიორია ნოდარ საბანაძე, რომელიც ქართული ოცნების შემომწირველია და ამასთან, დაკავშირებულია შსს მინისტრის მოადგილე, კახაბერ საბანაძესთან. მედიის ინფორმაციით, ნოდარ საბანაძე დგას ასევე ერთ-ერთი სამკერვალო კომპანიის უკან, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრომ „აწარმოე საქართველოში” პროექტის ფარგლებში დოლბანდის პირბადეების შეკერვა დაავალა.
ასევე, 3 აპრილს გაფორმდა 5,000 ტონა შაქრისა და 500 ტონა მაკარონის გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება შპს ალფასთან, რომლის ჯამურმა ღრებულებამ 2,808,400 აშშ დოლარი შეადგინა, რომლიც ხელშეკრულების გაფორმების თარიღის ოფიციალური გაცვლითი კურსით 8,934,362.92 ლარია. ამ ეტაპზე აღნიშნული შესყიდვის მიღება ჩაბარების აქტები არ არის ატვირთული. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ შესყიდვაშიც პროდუქციის ნაწილი, კერძოდ, 500 ტონა მაკარონი, ასევე რუსული წარმოებისაა, რომელშიც სახელმწიფომ 212,400$ გადაიხადა.
შპს ალფას 100% წილის მფლობელი კობა კურდღელაშვილია, რომელიც VII მოწვევის პარლამენტის წევრი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, თუმცა 2016 წელს ქართულ ოცნებას სწორედ შპს ალფას სახელით შესწირა 120,000 ლარი. კურდღელაშვილის მონაწილეობა სხვა 9 კომპანიაში ფიქსირდება, მისი ბიზნეს პარტნიორები სხვადასხვა კომპანიებში არიან როგორც ქართული ოცნების შემომწირველები, ასევე მმართველ პარტიასთან სხვა სახით დაახლოებული პირები. მაგალითად, კურდღელაშვილის ბიზნეს პარტნიორია ვაჟა ოქრიაშვილი, რომელიც პსპ ფარმას დირექტორი და ამავე კომპანიაში კახაბერ ოქრიაშვილის 95%-იანი წილის მმართველია. თავის მხრივ, კახაბერ ოქრიაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია ქართული ოცნებიდან. ჯამურად ზეთის, შაქრისა და მაკარონის მარაგების შესაქმნელად სახელმწიფოს 13,465,806.64 ლარის ხელშეკრულება აქვს დადებული.
შპს “მადაგონი-2”
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტმა Covid-19-ის გამო დამდგარი გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით შესყიდვების სააგენტოს სხვადასხვა საკვები პროდუქტის გამარტივებული შესყიდვის უფლების მოთხოვნით 20 მარტს მიმართა. მიღებული თანხმობის საფუძველზე, 25 მარტიდან 11 მაისის ჩათვლით, 17 გამარტივებული ხელშეკრულება დადო, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 411,532 ლარი შეადგინა. ყველა შესყიდვის შემთხვევაში მომწოდებელი ერთი კომპანიაა - შპს „მადაგონი 2”. კომპანია რუსთავშია რეგისტრირებული, მისი დირექტორი იური ბედინეიშვილია, რომელმაც 2016 წელს ქართულ ოცნებას 60,000 ლარი შესწირა.
ანალოგიური საფუძვლით, შესყიდვების სააგენტოს გარდაბნის მუნიციპალიტეტმაც რამდენჯერმე მიმართა და თანხმობის შემდგომ იმავე შპს მადაგონი 2-თან 5 ხელშეკრულება გააფორმა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 243,741 ლარი შეადგინა.
აღნიშნულმა კომპანიამ Covid-19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვებით ჯამში 655,000 ლარზე მეტი მიიღო.
ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული შესყიდვები
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის 24 აპრილს გამარტივებული შესყიდვის მორიგი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ამჯერად კორონა ვირუსის გამოსავლენად სწრაფი ტესტები შეიძინა. ამ შესყიდვის ჯამური ღირებულება 930,000 ლარია, სულ 30,000 ერთეული - თითეულის ღირებულება კი 31 ლარია. პროდუქტის მწარმოებელ ქვეყანად ნიდერლანდებია მითითებული, კომპანია კი, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული ტესტები ჩამოუტანა შპს „სოლემარტია”. მისი 100%-იანი წილის მფლობელიც და დირექტორიც ზურაბ ტუკვაძეა. უშუალოდ მასთან მიმართებით არანაირი საეჭვო კავშირი არ იძებნება, თუმცა მისი ბიზნეს პარტნიორები სხვა კომპანიებში, მმართველი პარტიის შემომწირველები არიან და ჯამურად 63,000 ლარის შემოწირულობა აქვთ განხორციელებული.
მედიის ინფორმაციით, როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული სწრაფი ტესტები სინამდვილეში ჩინური წარმოებისაა და ნიდერლანდურმა კომპანიამ საკუთარი ეტიკეტირებით გადაფუთა. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს კითხვები ტესტების სიზუსტესთან დაკავშირებითაც. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 12 მაისს, სოლემარტის დამფუძნებელმა, ზურაბ ტუკვაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა 8 მაისს, რადგან მას ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ დროს ვერ ჩამოჰქონდა პროდუქტი. თუმცა, მსგავსი შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში ატვირთული არ არის.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისრაციის განახლებული ხარჯები
ტურიზმის ადმინისტრაციამ 15 აპრილის შემდეგ სასტუმროს საკარანტინე სივრცედ გამოყენებისათვის ჯამურად 690 ათას ლარამდე ღირებულების 8 ხელშეკრულება გააფორმა. ადმინისტრაციას მომსახურებას იგივე სასტუმროები უწევენ, რომლებთანაც მანამდე ჰქონდა თანამშრომლობა, თუმცა ამ ეტაპზე ფასი განსხვავებულია. შედარებისთვის, წყალტუბო რეზორტი სპას ხელშეკრულებაში, რომელიც მომსახურების გაწევას 31 მარტიდან 30 აპრილამდე გულისხმობდა, ერთი ნომრის ფასი და ერთ ადამიანზე კვების ღირებულება მითითებული არ იყო, ჯამურად კი სასტუმრომ 31 დღით 118 ოთახის გაქირავებაში სახელმწიფოსგან 1 მილიონ 330 ლარი მიიღო. ახალი ხელშეკრულება 1 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდს მოიცავს და ამჯერად სასტუმრო ისევ 31 დღით 120 ოთახის გაქირავებაში 214 ათას ლარს აიღებს, რაც წინა ხელშეკრულებასთან შედარებით 1,1 მილიონი ლარით იაფია.
რაც შეეხება სხვა სასტუმროებს, ძველი ფასი შენარჩუნდა სასტუმრო “444”-ის შემთხვევაში, ხოლო ამბასადორი კაჭრეთის მომსახურებაში სახელმწიფომ ისევ მხოლოდ დეზინფექციის თანხა გადაიხადა, ოთახისა და კვების მომსახურება სასტუმრომ კვლავ უფასოდ გაუწია კარანტინში მყოფ მოქალაქეებს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ფასები საგრძნობლად შემცირებულია.
ამასთან, ერთი ხელშეკრულება გაფორმებულია სასტუმრო თბილისი შერატონთან, რომელთანაც ადმინისტრაცია მანამდე არ თანამშრომლობდა. შერატონმა 200 ოთახისა და კვები მომსახურება სახელმწიფოს უსასყიდლოდ გაუწია და სანაცვლოდ დეზინფექციის თანხა, 15,800 ლარი მიიღო.
აღნიშნული ცვლილებები შესაძლოა უკავშირდებოდეს საქართველოს მთავრობის 4 მაისის დადგენილებას, რომლითაც ცვლილებები შევიდა „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში. დოკუმენტის მე-4 მუხლის ”ა)” პუნქტით განისაზღვრა, რომ საკარნტინე სივრცეების სასტუმრო მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, თუმცა არაუმეტეს თითოეულ ბენეფიციარზე დღიური 100 ლარისა.
Covid-19-თან დაკავშირებული გამარტივებულ შესყიდვებში გამოვლინდა შემდეგი პრობლემები:
- როგორც სამედიცინო მოწყობილობების შემთხვევაში, ხელშეკრულებები საკვები პროდუქტების შესაძენად ზოგ შემთხვევაში უფორმდებათ მმართველი პარტიის შემომწირველ კომპანიებს, მუნიციპალიტეტების შემთხვევაში, ხშირია ერთ მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებები. ეს ფაქტი აჩენს კითხვის ნიშნებს გამარტივებული შესყიდვებისათვის კომპანიების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, რადგან ამ შემთხვევაში არ გვაქვს ელექტრონული ტენდერის პროცედურა და შემსყიდველ ორგანიზაციას აქვს თავისუფლება პირდაპირ შეარჩიოს მიმწოდებელი კომპანია.
- 4 მაისს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება, რომლითაც ერთ პერსონაზე სასტუმროში კარანტინში განთავსების მაქსიმალურ დღიურ ფასად 100 ლარი განისაზღვრა, დაგვიანებითაა მიღებული და სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულებების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მსგავსი რეგულაციის დროულად მიღებით, სახელმწიფოს სასტუმროების დაქირავებისას მილიონობით ლარის დაზოგვა შეეძლო.
"საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანალიზი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება, სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, საბიუჯეტო თანხების არასწორი ხარჯვის რისკების შემცველია და საჭიროებს მაღალი ხარისხის გამჭვირვალობასა და მუდმივ მონიტორინგს", - ნათქვამია IDFI-ს დასკვნაში