მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სახელმწიფომ covid-კლინიკებს 1 მლრდ ლარი გადაუხადა“ - რა პრეტენზიები აქვს მინისტრს?

62692882118d8
ვიქტორია მღებრიშვილი
27.04.22 15:44
3501
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში კოვიდ-კლინიკებს 1 მლრდ ლარი გადაუხადა, ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც კოვიდ-კლინიკების ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში დაბრუნების საკითხს შეეხებოდა.

მინისტრმა უარყო, რომ კლინიკებს გადაწყობისთვის უწყებამ 5 დღე მისცა.

„არანაირი 5 დღე არ ყოფილა. რატომ აპელირებენ ამ 5 დღით, არ ვიცი. იანვრიდან მოყოლებული კლინიკებში დატვირთულობას აქტიურად ვაკვირდებოდით. ჩვენი თანამშრომლების 10-12 ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით კლინიკებში დადიოდა. კლინიკებში პაციენტების მიღებისა და გაწერის მკაცრი კრიტერიუმები არსებობს, რომელთაგან არც ერთი არ სრულდებოდა და კლინიკებში პაციენტების რაოდენობის ზრდა ხელოვნურად ხდებოდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც 2-3 თვის განმავლობაში აქტიურად დაიცვეს პაციენტების და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ისინი ინდივიდუალურად, თითოეულ კლინიკაში უყურებდნენ მიღებისა და გაწერის კრიტერიუმებს. ეს იყო იმის საფუძველი, რომ არ მოხდა კლინიკების გადავსება და პიკურ პერიოდში კლინიკებში საშუალოდ 6 000 პაციენტი იყო. სულ 9 200 საწოლი იყო მობილიზებული იყო, რომლის საჭიროებაც არ იყო. პირველივე კვირაში, იანვარში 1700 საწოლი გავაუქმე და მაშინაც ბევრი პრეტენზია გამოითქვა, თითქოს არასწორად ვაკეთებდით რამეს. ახლა ვხედავთ, რომ ეს გადაწყვეტილება მაშინ სწორი იყო. ვსაუბრობთ იმ საწოლებზე, რომლებიც ცარიელი იყო და სახელმწიფო 2 წლის განმავლობაში იხდიდა თანხას და არცთუ ისე ცოტას - თითოეულ ცარიელ საწოლში 120 ლარს დამატებული 60 ლარი“, - ამბობს აზარაშვილი.

მისივე თქმით, კლინიკების საშუალო დატვირთულობა 60% იყო, 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო თანხას მინიმუმ 40% ცარიელ საწოლებში იხდიდა.

„ეს თანხა უნდა ყოფილიყო იმისთვის საკმარისი, როცა შეტყობინებას მივცემდით და კლინიკებს სამართლიან ანაზღაურებაზე გადავიყვანდით. ამ 2 წლის განმავლობაში ამ ყველაფერში მინიმუმ 1 მლრდ ლარია გადახდილი.

ამასთან, დანაშაულს ჩადიოდნენ, როცა ექთნებს და ექიმებს სახელმწიფოს მიერ გადახდილ დანამატებს არ აძლევდნენ. სამწუხაროდ, არის რამდენიმე კლინიკაში შემთხვევა, როდესაც მათ და სახელმწიფოს ხარჯზე დირექტორები და მოადგილეები ყოველთვიურ ხელფასებს 5-ჯერ 10-ჯერ იზრდიდნენ“, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

კითხვაზე - ხომ არ დადგება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, აზარაშვილმა ასე უპასუხა: „ინფექციის კონტროლის ხარვეზებთან, ფინანსურ პრობლემებთან, პროტოკოლის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით როცა გვექნება საერთო სურათი, გპირდებით დავასახელებთ კონკრეტულ კლინიკებს. დანაშაულს თუ ვინმე ჩადიოდა, აუცილებლად გამოიკვეთება და დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი. შეუძლებელია და პრინციპულად მიუღებელია, რომ სახელმწიფო თავისი მოქალაქეების და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს და ამ არასწორი გზით კლინიკები ფულს შოულობდნენ", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები