„სახელმწიფო უნდა გახდეს განმსაზღვრელი თუ სად, რა მასშტაბის, რა სახის სერვისების მიწოდება არის საჭირო“ - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას სელექტიური კონტრაქტირების მნიშვნელობაზე საუბრის კონტექსტში გააკეთა და აღნიშნა, რომ სელექტიური კონტრაქტირება არის ქმედითი მექანიზმი, რომლის საშუალებით მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის მეტად გონივრული და ეფექტური მიმართვა იმ მაღალი სიმძლავრის დაწესებულებებზე, რომლებიც ორიენტირებულნი არიან პაციენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდებაზე.
„სელექტიურ კონტრაქტირება გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებების სიმძლავრის, შესაძლებლობების, ხარისხის და სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმების მიხედვით შეფასებას . სწორედ აღნიშნული შეფასების მიხედვით, სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულებების დაფინანსებასთან დაკავშირებით. სელექტიური კონტრაქიტრება არის ქმედითი მექანიზმი, რომლის საშუალებით მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის მეტად გონივრული და ეფექტიანი მიმართვა იმ მაღალი სიმძლავრის დაწესებულებებზე, რომლებიც ორიენტირებულნი არიან პაციენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდებაზე.
სელექციის პირველი ეტაპი უკვე წარმატებით განხორციელდა პირველადი ჯანდაცვის სექტორში. კლინიკების სელექტიურ კონტრაქტირებასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია გადაწყვეტილებები და უახლოეს პერიოდში დაიწყება მისი განხორციელება,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, სამინისტრო სელექციის მსგავსი ინსტრუმენტის დანერგვასაც გეგმავს, რომელიც სამედიცინო სექტორში მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დაცვასა და სიჭარბის განტვირთვას მოემსახურება.
„ვგეგმავთ სელექციის მსგავსი ინსტრუმენტის დანერგვას, რომელიც ემსახურება სამედიცინო სექტორში მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დაცვას და სიჭარბის განტვირთვას. ამ მიზნის განხორციელებისთვის, ჩვენ ვგეგმავთ არამხოლოდ არსებული დაწესებულებების სელექციას, არამედ ახალი დაწესებულებების ამოქმედების საკითხის რეგულირებას.
სახელმწიფო უნდა გახდეს განმსაზღვრელი თუ სად, რა მასშტაბის, რა სახის სერვისების მიწოდება არის საჭირო.
პრიორიტეტების განსაზღვრისას ჩვენ ვიხელმძღვანელებთ იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობის და საჭიროებების პროპორციულად განსაზღვრავს სათანადო სერვისების მოცულობას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.