„სუროგაცია, დონაცია, ინ ვიტრო განაყოფიერება - სამწუხაროდ წლების განმავლობაში ეს სერვისები იყო უკონტროლო. არ ხდებოდა კონტროლი, თუ ვისი ემბრიონია, ვინაა დონორი და სრულიად სახელმწიფოს კონტროლს მიღმა ხდებოდა ეს პროცესები“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში, ამ მიმართულებით, ერთიანი მონაცემთა ბაზა არ არსებობს. მისივე თქმით, ცვლილებები, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს.
„დღეს არ არსებობს ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა ან სახელმწიფოს, რომ წვდომა ჰქონდეს ამ ბაზებთან. ვაღიარებ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს ეხება საქართველოს მოქალაქეებს. ამ უკონტროლო სიტუაციას, კი საბოლოოდ, გარკვეული წვლილი შეაქვს, დემოგრაფიულ პრობლემაში. არის თითქოს საუბარი და სპეკულაცია იმაზე, რომ რაღაც რეგულირდებოდა, თუმცა ეს ასე არაა. საქართველოში, როცა ბავშვი იბადება, მიდიან სამოქალაქო რეესტრში - დედა მამა და რეგისტრირდება აი ამ დონეზე. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ბოლო თვეებში, ბავშვი საქართველოში არც იბადება. როცა გამიზნულია მისი გასხვისება სხვა ქვეყანაში, სუროგატი პირდაპირ იმ ქვეყანაში მიჰყავთ სადაც ბავშვი უნდათ, რომ დაიბადოს.
ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ უნდა შეგვესრულებინა. ვფიქრობ, რომ ახლა არის კანონპროექტის სრულყოფილი ვერსია, რომელიც შეჯერებულია დასავლურ გამოცდილებასთან. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის მომზადებული ეს კანონპროექტი. ცვლილებით აღნიშნული სევრისებით სარგებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
შეგახსენებთ: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა უცხოელებისთვის სუროგაციის ამკრძალავი საკანონმდებლო პაკეტი. მისი მიხედვით, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული სერვისების ბენეფიციარი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძლება იყვნენ. ამასთან, კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სუროგაციის სერვისის მიწოდება სუროგატი დონორისგან მხოლოდ უანგაროდ უნდა მოხდეს. შესაბამისად, სუროგატი დედებისთვის მატერიალური სარგებლის შეთავაზება კანონით იზღუდება.