მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ინტერნეტიზაცია - დაპირებების 5 წელი და ხელახლა დაანონსებული პროექტი

5e1c84414756b
შოთა ტყეშელაშვილი
13.01.20 19:10
3495
2025 წლისთვის მთავრობა ინტერნეტ ბაზრის მსხვილი მოთამაშე გახდომა გეგმავს - ამის მიზეზი საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტია.

ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, დაახლოებით, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება ამ დრომდე არ დაწყებულა. პროექტისთვის მთავრობამ  “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა.

2015 წელს ეკონომიკის სამინისტრომ პროექტის განხორციელებისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, თუმცა კერძო კომპანიებმა მასში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.

2016 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება #375, რომლითაც ქვეყანაში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგია დამტკიცდა.

2016 წელს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ქართუ ფონდი” პროექტში ჩაერთვებოდა და რეგიონების ინტერნეტიზაციისთვის $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. როგორც დრო აჩვენებს, აღნიშნული განცხადება მცდარი აღმოჩნდა.

"არ ხდება ისე, რომ ამ პროექტმა კერძო სექტორის ინტერესები გადაკვეთოს. პირიქით, ის ხელს უწყობს, სხვადასხვა დაინტერესების ზონების მიხედვით, კერძო სექტორის შესვლას საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში. ხოლო იქ, სადაც ნაკლებად არის დაფიქსირებული ან საერთოდ არ არსებობს ინტერესი და ინტერნეტის შეყვანა ეკონომიკურად აზრს მოკლებულია, პროგრამას მთლიანად ფონდი "ქართუ" აფინანსებს. ეს არის აბსოლუტური ქველმოქმედება, ყველანაირი ბიზნესდაინტერესების გარეშე. პროგრამა, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, დაახლოებით, 100 მილიონი დოლარი დაჯდება. ეს არის ნამდვილად საშვილიშვილო საქმე“, - წარსულში ამბობდა პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

ხელახლა დაანონსებული პროექტი:

2019 წლის ბოლოს, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო 2016 წელს მიღებული სტრატეგიის განახლებაზე მუშაობდა. 2020 წლის 10 იანვარს კი, საქართველოს მთავრობამ აღნიშნული ცვლილებები დაამტკიცა.

“მთავარი პრინციპი არის ის, რომ სახელმწიფო ააშენებს იქ, სადაც ამის სურვილი და გეგმა არ გააჩნია კერძო სექტორს, შესაბამისად, ჩვენ არ შევდივართ მათთან კონკურენციაში. პირიქით, ეს ურთიერთშემავსებელი იქნება ერთმანეთის,”- ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

დადგენილების მიხედვით, პროექტის მიზნები ამგვარია:

“პროგრამის მიზანია, საქართველოს მთავრობის მიერ სატელეკომუნიკაციო სფეროში თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის, კონკურენციის განვითარებისა და კერძო ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე:

ა) ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნა;

ბ) სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი საბითუმო მომსახურებების განვითარება;

გ) შექმნილი ქსელის ორ ნებისმიერ დაშვების წერტილს შორის კავშირი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად განხორციელდება:

ა) ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა გადაცემის ქსელების პროექტირება, მშენებლობა, საჭიროების შემთხვევაში, არსებული ფართოზოლოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის ოპტიკური ძარღვების სარგებლობაში გაცემა;

ბ) ოპერატორების მფლობელობაში არსებულ იმ დაშვების წერტილებში დაერთება, რომლებიც კომისიის მონაცემებით უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი შეერთებით დაკავშირებულია ოპერატორების ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალებთან და აქვს პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო რაოდენობის ოპტიკური ძარღვები;

გ) დაშვების წერტილების დაგეგმარება/მოწყობა და ნებისმიერი ოპერატორისათვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით თეთრი ზონის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში გადაცემის ქსელის ღია დაშვების მომსახურების მიწოდება, რათა ოპერატორებმა განავითარონ თავიანთი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა და საკუთარი ქსელების საშუალებით ბოლო მომხმარებლებს მისცენ ფართოზოლოვან ინტერნეტმომსახურებებთან წვდომის შესაძლებლობა.

3. პროგრამის ფარგლებში მოწყობილი გადაცემის ქსელის ღია დაშვების მომსახურება უნდა უზრუნველყოფდეს შინამეურნეობის შემთხვევაში – არანაკლებ 100 მბ/წმ-ის, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოსა და საწარმოს შემთხვევაში – არანაკლებ 1 გბ/წმ-ისა და სხვა ფართოზოლოვან მომსახურებებთან წვდომის შესაძლებლობას, იქ სადაც, ამ დრომდე ამგვარი მომსახურების მიღების შესაძლებლობა არ ყოფილა ხელმისაწვდომი ან არსებული მომსახურების ხარისხი საჭიროებს გაუმჯობესებას იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც იგი ბოლო მომხმარებელს დაბალი ხარისხით ან შეზღუდულად მიეწოდება.

4. პროგრამით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა აშენდება მხოლოდ სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში და მოცემული არეალებიდან ოპერატორების საკუთრებაში არსებულ იმ დაშვების წერტილებამდე, რომლებიც არჩეული იქნება უმოკლესი და ოპტიმალური მანძილის, ქსელის ტოპოლოგიის, რელიეფისა და აუცილებელი ტექნიკური შესაძლებლობების (საჭირო რაოდენობის თავისუფალი ოპტიკური ძარღვ(ებ)ის არსებობა, მათი ტექნიკური პარამეტრებისა და მომსახურების ხარისხის ჩათვლით) გათვალისწინებით. ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნის მიზნით მონაცემთა გადაცემის ქსელი მოეწყობა როგორც სამიზნე გეოგრაფიულ არეალში, ისე სარგებლობაში გაცემულ ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელზე.

5. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ოუფენ ნეტის მიერ უზრუნველყოფილი იქნება, სულ მცირე, შემდეგი ღია დაშვების მომსახურებები:

ა) პროგრამის ფარგლებში აშენებულ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში ძარღვ(ებ)ის სარგებლობაში გაცემა;

ბ) ამ პროგრამის ფარგლებში მოწყობილი ქსელის ორ ნებისმიერ დაშვების წერტილს შორის (ერთ-ერთი წერტილი აუცილებლად უნდა იყოს თეთრ ზონაში) მონაცემთა გადაცემის არხ(ებ)ის სარგებლობაში გაცემა;

გ) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურაზე, თუკი იგი გადის თეთრი ზონის ისეთ დასახლებულ პუნქტ(ებ)ში, სადაც მოსახლეობა ნაკლებია 200-ზე, მაგრამ არანაკლებია 100-ისა, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დაშვების წერტილებში ოპტიკური ძარღვ(ებ)ის სარგებლობაში გაცემა.”

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა დაჯდება ეს პროექტი. BMG-ისთან საუბარში ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ყუბუსიძე ამბობს, რომ სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს კი, 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან უნდა ჰქონდეთ წვდომა.

ყუბუსიძის თქმით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ჯერ ე.წ. “თეთრი ზონების” (დასახელებული ობიექტების, რომელთაც არ აქვთ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომა) დათვლა არის საჭირო. ეკატერინე ყუბუსიძე ამბობს, რომ ამ დასახლებების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2020 წლის 15 იანვრამდე უნდა მიაწოდოს; ამასთანავე, ამ სიაში უნდა შედიოდეს ისეთი პუნქტები, რომლებშიც კერძო ბიზნესი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას არც მომდევნო 3 წლის განმავლობაში გეგმავენ.

ეკონომიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ამ დასახლებული პუნქტების რაოდენობა 1300-მდეა. სოფლების ზუსტი სიის მიღების შემდეგ, დაიწყება პროექტირების ეტაპი, რის შედეგადაც მისი ბიუჯეტი განისაზღვრება.

კითხვაზე - ჩაერთვება თუ არა პროგრამის დაფინანსებაში ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ფონდი”, ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ყუბუსიძე ამბობს:

“პროექტირების და იმპლემენტაციის ნაწილში ჩვენ გვეხმარება მსოფლიო ბანკი. მათი მხრიდან არის საკმაოდ დიდი ინტერესი ფინანსური დახმარების. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასევე გვაქვს ჩვენი სახსრები გათვალისწინებული არამხოლოდ ინტერნეტიზაციის პროექტის, არამედ სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის. თუკი საჭირო გახდება დამატებითი სახსრები, რა თქმა უნდა განხილული იქნება ყველა შესაბამისი მხარე.”

რამდენ აბონენტს აქვს ინტერნეტთან წვდომა?

იმის განსაზღვრა თუ რეალურად მოსახლეობის რა ნაწილს აქვს ინტერნეტზე წვდომა საკმაოდ რთულია. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, ოპტიკურ ბოჭჯოვანი, კომპიუტერის სპეციალური 4G ადაპტერით, ე.წ. Dial up-ის, სატელიტური ინტერნეტის, xDSL-ის, CDMA-სა და სხვა ტიპის ინტერნეტის აბონენტების რაოდენობაა 901,759. ამ შემთხვევაში ერთ აბონენტი ძირითადად ერთ შინამეურნეობას (ერთ ოჯახს) აღნიშნავს. აბონენტთა სიმკვრივე ყველაზე მაღალი თბილისსა და სხვა მსხვილ ქალაქებშია, მაღალმთიან დასახლებებში კი აღნიშნული ინფრასტრუქტურა დღემდე არ არის განვითარებული.

ინტერვიუ ეკატერინე ყუბუსიძესთან:



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები