მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ინტერნეტიზაციას, სავარაუდოდ, "მსოფლიო ბანკი" დააფინანსებს - რა როლი აქვს "ქართუს"?

5e42a8e9727b0
სალომე მეცხვარიშვილი
11.02.20 21:40
1563
საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტში მუნიციპალური განვითარების ფონდი ერთვება. იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ს ინტერნეტზე წვდომა ჰქონდეს, ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ტენდერის გამოცხადებაზე პასუხისმგებელი მუნიციპალური განვითარების ფონდი ხდება. ამის შესახებ BM.GE-ს ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკა ყუბუსიძემ განუცხადა.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის 5 წლის წინ დაანონსდა. არაერთხელ ითქვა, რომ ამ დრომდე არ არის დაწყებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რომ კიდევ გაურკვეველია ვინ და რამდენით აფინანსებს პროექტს, მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისშივე გაიჟღერა “ქართუს” სახელმა - ბიძინა ივანიშვილის ფონდი 100 მილიონი დოლარის ჩადებას აპირებდა პროექტში.

პროექტი ამ დრომდე შეფერხებული იყო და მხოლოდ რამდენიმე თვის წინ განახლდა მასზე მუშაობა. წესით მასზე მომუშავე მთავარი ორგანიზაცია “ოუფენ ნეტი” უნდა იყოს, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა. თუმცა გაირკვა, რომ ტენდერებს ინტერნეტიზაციის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდი ჩაატარებს. ეს კი იმიტომ, რომ პროექტის დამფინანსებელი მსოფლიო ბანკია.

“მარეგულირებელი კომისიის მიერ ტექნიკური მოთხოვნა უკვე შემუშავებულია, რომელიც გადმოეცა ეკონომიკის სამინისტროს. მას შემდეგ, რაც გვექნება კონცეპტუალური დიზაინი, მუნიციპალური განვითარების ფონდი დაიწყებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მომსახურებისთვის, შესყიდვისა და ზედამხედველობისთვის.

ვინაიდან ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს “მსოფლიო ბანკი” მათივე ინტერესია და ჩვენ მივესალმებით ამას, რომ ამ პროექტის განხორციელებაშიც დაგვეხმაროს. თუკი ეს ასე მოხდება, ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურებით ვიხელმძღვანელოთ.

მუნიციპალური განვითარების ფონდს კი ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით”,- აცხადებს ეკა ყუბუსიძე.

თუ პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენელმაც ისაუბრა bm.ge-სთან, მაშინ სად არის “ქართუს” როლი?

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენლმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტისთვის 30-დან 50-მილიონ დოლარამდე აპირებენ თანხის გამოყოფას. ამასთან, რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა არაფერი იცოდა პროექტში “ქართუ ჯგუფის” ჩართულობის შესახებ. ამის მიუხედავად ეკონომიკის სამინისტროში და “ოუფენ ნეტში” ირწმუნებიან, რომ “ქართუს” “სოლიდური თანხები” პროექტისთვის უკვე გაღებული აქვს. თუმცა, რა თანხაზეა საუბარი, უწყებაში არ აკონკრეტებენ.

კითხვაზე, სად ფიგურირებს პროექტში “ქართუ ჯგუფი” ?- ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ პროექტისთვის არსებობს თანხები მსოფლიო ბანკიდან, ასევე “ოუფენ ნეტს” გააჩნია თანხები და თუ საჭირო გახდება “ქართუს” ჩართულობა, ისინი მზად არიან დამატებითი სახსრები გაიღონ.

საინტერესოა, რომ თავად “ოუფენ ნეტი” ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და როგორც BM.GE-მ გაარკვია შემოწირულობით არსებობს. ვინ იხდის ამისთვის ფულს, ესეც გასაიდუმლოებულია.

„Open Net შემოწირულობით ფინანსდება“ - საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის დეტალები

საყოველთაო ინტერნეტიზაცია - დაპირებების 5 წელი და ხელახლა დაანონსებული პროექტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები