მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე ჩვენ დავადგინეთ ახალი, სამართლიანი ტარიფი, რომლის მიხედვითაც დამატებით თანხის გადახდა პაციენტს აღარ მოუწევს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ დრომდე, დაფინანსების ნაწილში, თითქმის ყველა პაციენტს უწევდა თანაგადახდა.
"ჩვენ, დავადგინეთ ახალი, სამართლიანი ტარიფი, რომლის მიხედვითაც დამატებით თანხის გადახდა პაციენტს აღარ მოუწევს. ამისთვის ჩვენ ის სერვისი, რომელიც შეიძლება პოტენციურად დასჭირდეს პაციენტს, შევიყვანეთ სატარიფო გაანგარიშებაში. რა თქმა უნდა, ეს მოიცავს უშუალოდ მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯებს, ამასთანავე დავამატეთ გაუტკივარების ხარჯი, არჩევითი ექიმის ხარჯი და სხვა. დღეს, თანაგადახდის საჭიროება პაციენტს აღარ აქვს, შესაბამისად დამატებითი თანხის მოთხოვნა, ისევე როგორც DRG-ით დაფინანსებულ ყველა სხვა სერვისზე, სრულიად აკრძალულია“ , - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ DRG დაფინანსების მოდელი, უკვე ერთი წელია რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ინტეგრირდა. ერთი თვეა, აღნიშნული დაფინანსების მოდელი მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზეც, ასევე ნეონატალურ სერვისზეც გავრცელდა.
„ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ამოცანა, ეს არის სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხების ხარჯთეფექტიანობის გაზრდა, რომლისთვისაც DRG სისტემა ყველაზე წარმატებულ მოდელად ითვლება და ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის პაციენტისთვის თანაგადახდის შემცირება“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, უკვე 1 თვეა მშობიარობა და საკეისრო კვეთის დაფინანსების მოდელი შეიცვალა და ახალი ტარიფები განისაზღვრა. DRG მოდელით მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფი ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის 1 222 ლარით განსაზღვრა, ამასთან, დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს, ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. „ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთა, ან ე.წ. VIP პალატის მომსახურება სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება.