საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გასულ წელსაც იმაზე მეტი ხარჯი დასჭირდა ვიდრე ბიუჯეტის პროექტით იყო გათვალისწინებული. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასულ წელს პროგრამაზე 1.06 მილიარდი ლარი დაიხარჯა, რაც გეგმით განსაზღვრულზე 82 მილიონი ლარით მეტი იყო. 2024 წლის ბიუჯეტის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 1.03 მილიარდი ლარია გათვალისწინებული, რაც 2023 წლის ფაქტობრივ შესრულებაზე 27 მილიონი ლარით ნაკლებია. 2023 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მომსახურება 713 ათას პაციენტს გაეწია, ხოლო თითოეულ მათგანზე ბიუჯეტის მხრიდან გაწეული მომსახურებების ფასმა საშუალოდ 1,490 ლარი შეადგინა, 2022 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 19.5%-ით მეტია.