მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სადაზღვევოების ჩართვით სახელმწიფო ასეულობით მლნ ლარს დაზოგავს" - "არდი"

ჯანმრთელობის დაზღვევა

სადაზღვევო ინდუსტრია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებებს და ე. წ შემავსებელი პაკეტების აღდგენას აყენებენ დღის წესრიგში.

კერძო და საჯარო პარტნიორობის მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში წლების წინაც არსებობდა, თუმცა “დაშენებული” ანუ “შემავსებელი” პაკეტები ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წელს გააუქმა. შეზღუდვის დაწესება მაშინ მიზნად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის გაზრდილი ხარჯების შეკავებას ემსახურებოდა, თუმცა ფაქტია ამის გარეშეც ჯანდაცვაზე ბიუჯეტიდან დანახარჯები ისედაც იზრდება.

თუ 2013 წლიდან მოყოლებული, ამ პროგრამის ბიუჯეტს შევხედავთ, დანახარჯები სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის საყოველთაო დაცვაზე წლიდან წლამდე იზრდება და ამ პროგრამის ისტორიაში 2023 წელს პირველად მან 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

სადაზღვევო სექტორის წლების წინაც და ახლაც ფიქრობს, რომ მათი ამ პროგრამაში მონაწილეობა ყველა მხარის ინტერესში შედის და ამ გზით სახელმწიფოს ასეულობით ლარის დაზოგვა შეუძლია.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რეფორმას საჭიროებს და უდიდესი რესურსია, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის სინერგიით ერთი მხრივ ბიუჯეტი დაიზოგოს და მეორეს მხრივ უკეთესი სერვისები იყოს და ა.შ

ასეულობით მილიონი ლარის დაზოგვა არის შესაძლებელი სახელმწიფოს მხარეს, სერვისების გაზრდა კერძოს მხარეს და კონკურენციის მოდელის შემოტანა, რომელიც უფრო მეტ სიცხადეს შემოიტანს პროდუქტებში და მომხმარებლის მხარეს იქნება ძალაუფლება. ამ წუთში არის ერთი დამფინანსებელი - სახელმწიფო და არის გარკვეული ტიპის შეზღუდვები. ადამიანმა რომც იყიდოს თავისი სურვილით დაზღვევა, ის სრულად ან ნაწილობრივ ისჯება იმისთვის, რომ აქვს კერძო დაზღვევა. ვფიქრობ, რომ ეს არ არის სამართლიანი და მოსაგვარებელია.

მაგალითად, ადამიანი თუ გადაწყვეტს, რომ ისეთი დაზღვევა იყიდოს, სადაც შედის სერვისები, რომელსაც საყოველთაო არ ფარავს და ამისთვის ადამიანი ისჯება, უსამართლოა. არაფერ შუაშია ეს ორი კომპონენტი ერთმანეთთან. თუ ადამიანს უნდა იყიდოს რაღაც მისი საკუთარი სახსრებით აქ ის არ უნდა ზარალდებოდეს. პირიქით, სახელმწიფოს მოტივაცია იმაში უნდა იყოს, რომ საბიუჯეტო ხარჯები მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს, შესაბამისად მეტი მიმართოს კერძო სტრუქტურაში, რათა მათ სახელმწიფოს გამოუთავისუფლონ ის ტვირთი, რომელიც საბოლოოდ გადასახადებში აისახება. იმედია მივალთ ამ შედეგამდე",-აცხადებს "არდის" გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე.

დღეს სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს აზღვევს. კერძო სამედიცინო დაზღვევით კი საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 20% სარგებლობს. სამედიცინო დაზღვევაში გასული წლის 9 თვის მდგომარეობით, მოქმედი პოლისების რაოდენობა 750 ათას 180-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები