მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საზამთროს მოსავლის 50% სეტყვამ გამინადგურა" - ფერმერი

საზამთრო

საზამთროს მოსავლის აღების სეზონი დასასრულს უახლოვდება, გასულ ზაფხულს კი კახეთის რეგიონი საკმაოდ ხშირი სეტყვით გამოირჩეოდა, რამაც ფერმერებს მოსავლის დიდი ნაწილი დაუზიანა. ამ პრობლემაზე BMG-სთან ფერმერმა გია ბიჭიკაშვილმა ისაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ თუ ადრე ყოველწლიურად 100 ტონა საზამთროს აწარმოებდა, წელს მოსავლის 50% კლიმატური პირობების გამო გაუნადგურდა.

აქვე, BMG დაინტერესდა, რა რაოდენობის ფინანსური ზარალი მიიღო ფერმერმა, თუმცა მან ამ საკითხზე საუბრისგან თავი შეიკავა. 

"ამ ყველაფრიდან ერთადერთი გამოსავალი არსებობს - ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მდინარეების კალაპოტებს ყურადღება მიაქციონ, თითქმის ყოველ დღე კახეთში პატარა მდინარეები კალაპოტიდან გადმოდის და ბოსტანს გვიტბორავს. მარტო საზამთრო კი არა, ახლა თხილის ბაღიც დამიტბორა და გამინადგურა. ასევე, მოსაწესრიგებელია სადაზღვევო სისტემაც, რომელიც ახლა კი ფუნქციონირებს, მაგრამ ფერმერებს რეალურ შეღავათს არ აძლევს", - აცხადებს გია ბიჭიკაშვილი. 

ფერმერის ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ წელს ფერმერების უმეტესობას მოსავლის დიდი ნაწილი გაუნადგურდა, ბაზარზე საკმაოდ მცირე რაოდენობის საზამთრო იყო, რის გამოც რეალიზება არ გასჭირვებიათ.

რაც შეეხება კახეთის რეგიონის ზოგად ზარალს, კახეთში, ძლიერი სეტყვისა და უხვი ნალექის შედეგად დაზიანებულ მუნიციპალიტეტებში ზარალს ითვლიან. როგორც Bm.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა გასულ კვირაში განუცხადა, ზარალის დასათვლელად შექმნილია კომისია. მისივე თქმით, სტიქიამ ყველაზე მეტად ორი სოფელი - მაღრაანი და არგოხი დააზარალა. კერძოდ, დაზიანებულია ვენახები, საზამთროს და ნესვის ბაღები. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები