დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივნის, ლაშა ნიკოლაძის შეფასებით, დაზღვევის ის მოდელი რომლის ამოქმედებასაც სახელმწიფო სავალდებულო სახით ტურისტებისთვის გეგმავს, ქართული სადაზღვევო ინდუსტრიისთვის ნაკლებად საინტერესოა. მისივე განმარტებით, ასევე უცნობია, რა მექანიზმი იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ტურისტი ქვეყანაში დაზღვევის გარეშე შემოვა, ლაშა ნიკოლაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით ჯარიმებზე საუბარი შეხვედრებზე არ ყოფილა.
“ძალიან რთულია 2 წამში მებაჟემ განსაზღვროს რამდენად აკმაყოფილებს წარმოდგენილი დაზღვევა პირობებს. სადაზღვევო კომპანიებისთვის წარმოუდგენელია, როცა არ არის ცნობილი დაზღვეულთა რაოდენობა, განისაზღვროს პრემიის ის შეთავაზება, რაც მათთვის საინტერესო იქნება.
ადამიანები განვითარებული ქვეყნებიდან თავიანთ ქვეყნებში შეიძენენ სადაზღვევო პაკეტებს და მიუხედავად იმისა, მათ ვინმე მოსთხოვს თუ არა საზღვარზე დაზღვევას, ისინი შემოვლენ ქვეყანაში. რაც შეეხება მესამე ქვეყნებს და დაზღვევასთან ნაკლებად ასოცირებულ ქვეყნებს, ისინი შემოვლენ როგორც შემოდიოდნენ, იმიტომ რომ აღნიშნული სავალდებულო დაზღვევის რეალიზების ნაწილი არ იქნება გამკაცრებული. შესაბამისად, ეს გამოიწვევს იმას, რომ დაზღვეულთა რაოდენობა ამ კუთხით ქართული სადაზღვევო კომპანიებისთვის ნაკლებად საინტერესო იქნება", - ამბობს ლაშა ნიკოლაძე.
ცნობისთვის, საქართველოში შემოსასვლელად ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის ქონა სავალდებულო გახდება. როგორც BMG-ის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში უთხრეს, საკითხზე უწყებათაშორისი კომისია მუშაობს და მთავრობის შესაბამისი დადგენილება 1-ელ ივნისამდე დამტკიცდება.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის შესახებ კანონის შესაბამისად, მთავრობამ 2024 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა მიიღოს „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაუჩნდებათ ქვეყანაში შემომსვლელ ტურისტებს ახალი ვალდებულება და რა პირობებით.