სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის შეფასებით, ქვეყნის საზღვრებზე და საავტომობილო მაგისტრალებზე დაუსრულებელი რიგები და გაუსაძლისი პირობები ქართველ მძღოლებს უცხოეთში სამუშაოს ძებნისკენ უბიძგებს.
მათი ინფორმაციით, სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების დეფიფიტი, საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე წელია მძაფრად შეინიშნება, ამასთან სახეზეა მძღოლების უცხოეთში გადინების შეუქცევადი პროცესი. საკითხზე თავის შეფასებასა და ანალიზს TCRC პირად გვერდზე აქვეყნებს.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ქართველი მძღოლების უმეტესობა, უცხოეთში წასვლის ერთ - ერთ ძირითად მიზეზად ქვეყნის საზღვრებზე და საავტომობილო მაგისტრალებზე დაუსრულებელ რიგებს და გაუსაძლის პირობებს ასახელებენ.
"დღეს უკვე შესამჩნევია, ადგილობრივ სოციალურ ქსელებში, მძღოლების დაქირავების შესახებ, ამა თუ იმ კომპანიის მიერ გაკეთებული განცხადება. ბუნებრივია, უკუკავშირიც არსებობს – „ვიმუშავებ მხოლოდ ევროპული ხელფასის პირობებში“.
სავარაუდოდ, საქართველოში გადამზიდავი კომპანიების და შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებების ზრდის ფონზე, რეგიონში დაბალი ტარიფების გამო, კომპანიები ვერ შეძლებენ ადგილობრივ მძღოლებს ევროპული დონის ხელფასების შეთავაზებას, ეს პროცესი კი აიძულებს ქართველ მძღოლს დატოვოს ქვეყანა და უცხოური ქვეყნების სატრანსპორტო კომპანიებში გადაერთოს სამუშაოს საძებნელად.
საქართველოს საავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე, სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნტაციის მოპოვების ხარჯების სუბსიდირების სანაცვლოდ, ქართველ მძღოლებს უხდებათ, სულ უფრო მეტი გადაიხადონ საკუთარი ჯიბიდან ამ ტიპის დოკუმენტების მისაღებად.
საქართველოს გარდა მძღოლების გლობალური დეფიციტი, ევროპულ ბაზრებზეც შეინიშნება.
ევროკავშირში კრიზისი მწიფდება - IRU-ს მონაცემებით, 2023 წლის ბოლოს მძღოლების დეფიციტი 250 ათას მძღოლზე მეტი იყო, 2024 წელს კი უკვე 450 ათასამდე გაიზარდა. ორგანიზაციის განმარტებით თუ 2028 წლისთვის კარდინალურად არაფერი შეიცვლება, შეუვსებელი ვაკანსიების რაოდენობა 800 ათასს მძღოლს გადააჭარბებს.
საგანგაშო ტენდენცია ფიქსირდება ახალგაზრდა და გამოცდილი (ე.წ. წლოვანი) მძღოლების ასაკობრივი განსხვავების მიხედვით, ცალსახაა, რომ ახალგაზრდები მძღოლის პროფესიის დაუფლებას ერიდებიან.
IRU-მ ამ პროცესს საავტომობილო გადაზიდვებში, “შენელებული დემოგრაფიული მოქმედების ბომბი“ უწოდა, რომელიც ახლო მომავალში სერიოზულად დააზიანებს, გადაზიდვებში ჩართული ქვეყნების ლოგისტიკურ მდგრადობას და ეკონომიკურ სტაბილურობას.
2028 წლისთვის 7 მილიონზე მეტი მძღოლის ადგილი აუთვისებელი დარჩება. მათ შორის ჩინეთში 4.9 მლნ ადგილი იქნება ვაკანტური (საერთო ბაზრის 20 %), ევროპაში 800 ათასი ადგილი (საერთო ბაზრის 18 %), თურქეთში 200 ათასი ადგილი (საერთო ბაზრის 28 %).
ამ პრობლემის გადაჭრის ერთ ერთ გზად, ევროკავშირს მთავრობების მიერ მართვის მინიმალური ასაკის შემცირება და კვალიფიკაციის მოპოვებისთვის საჭირო ხარჯების სუბსიდირება მიაჩნია", - აცხადებენ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში და ასკვნიან: "პრობლემა გაღრმავდება - ეს პროცესი კიდევ უფრო გაზრდის მძღოლების დენადობას საქართველოდან და რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს ქვეყნის ადგილობრივ გადაზიდვების ბაზარს".




























