საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, გასულ წელს საქართველოს პროევროპული კურსი გარკვეული გამოწვევის წინაშე დადგა, თუმცა საზოგადოებამ თავისი ბრძოლით მაინც მიაღწია საწადელს და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო.
საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში 2023 წელს მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, მათ შორის უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვებისა და შემდგომი გაწვევის, ასევე პრემიერის იმპიჩმენტის და სებ-ის კანონში ცვლილებები.
„გარკვეული გამოწვევის წინაშე დადგა ევროპული ორიენტაციაც ჩვენს საუკუნოვან კურსს ჯერ შეუმჩნევლად, შემდეგ კი, უფრო მკაფიოდ შეეცვალა აქცენტები:
ანტიევროპულმა და ანტიდასავლურმა გამოძახილებმა მარგინალური პოლიტიკური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა. სამაგიეროდ, რუსეთის მიმართ შესამჩნევად შერბილდა პოზიციები. უკრაინასთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვამ, საერთაშორისო სანქციებზე ევროკავშირისა და აშშ-სგან საჯაროდ დისტანცირებამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, ჩვენი საგარეო ორიენტაციის სიმყარის მიმართ კითხვის ნიშნები გააჩინა.
დამაბნეველი რიტორიკითა და ნაბიჯებით საფრთხის ქვეშ დავაყენეთ ჩვენ მიერ ევროინტეგრაციისთვის გაწეული კოლოსალური შრომა და მიღწევები. ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ გაიმარჯვა და მოიპოვა კანდიდატის სტატუსი! საზოგადოება არ დანებდა, იბრძოლა და დაიცვა საკუთარი მომავალი. ხალხის პრინციპულობამ შიგნით თუ გარეთ ყველას დაუმტკიცა, რომ ევროპელობაზე ჩვენი პრეტენზია საფუძვლიანია და ამ მიზნის მიმართ ქართველი ხალხის სულისკვეთება ურყევია. ჩვენი საზოგადოება კი დარწმუნდა, რომ მას გააჩნია ძალა და შეუძლია მიზნის მიღწევა; დავინახეთ ჩვენი თავისუფალი, ევროპული ახალგაზრდობა, ქვეყნის მომავლის შენებაში მათი განსაკუთრებული როლი გამოიკვეთა და იგი იმედის ძალად ჩამოყალიბდა. ჩვენი საზოგადოების გამოცდილებით, თავისი ტრადიციული შემწყნარებლობით, სიბრძნით და თავშეკავებულობით თავიდან ავიცილეთ და გავუმკლავდით რუსული იმიგრაციისა და პროპაგანდის პროვოკაციებს. საზოგადოება არ წამოეგო რუსეთის ჰიბრიდულ ქმედებებს და შევინარჩუნეთ სტაბილურობა და ურყევი პროევროპულობა. და კიდევ, დემოკრატიის კუთხით პოზიტიურ ნიშნებად აღიქმება იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ გაბედული, განსხვავებული აზრის დაფიქსირება და იმპიჩმენტის სცენარის სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით ჩავარდნა. ასევე, პოზიტიური ნიშანია ერთპიროვნული გადაწყვეტილებისგან ეროვნული ბანკის სამი წევრის გამიჯვნა და მათი გადადგომა. ნიშნები იმისა, რომ საზოგადოებას დემოკრატიის ძლიერი შეგნება და მოთხოვნილება გააჩნია, მზადაა დაიცვას მიღწეული პროგრესი და არ შეეგუოს უკუსვლას - იმედის მომცემია. ესაა ნამდვილი ხალხის ძალა!“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.