საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 2025 წელს 101 მლნ ლარი იქნება, ანუ, ზუსტად იმდენივე, რამდენიც 2024 წელს არის.
ახლა, მაუწყებლის დაფინანსების გარდამავალი პერიოდია. გასულ წელს მიღებული კანონის თანახმად, შეიცვალა წესი, რომლითაც თითქმის 15 წლის განმავლობაში მაუწყებელი ბიუჯეტიდან მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ] არანაკლებ 0.14%-ით ფინანსდებოდა.
დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედებამდე, გარდამავალ პერიოდში [2024-2025 წლებში] მაუწყებლის ბიუჯეტი იმდენივე იქნება, რაც 2023 წელსაა გათვალისწინებული, ანუ 101 მლნ ლარი.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი წესით 2026 წლიდან დაფინანსდება. ბიუჯეტის განსაზღვრის ახალი ფორმულა ასეთია: საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ქვეყანაში დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა გამრავლებული 64-ზე.
მაგალითად, 2023 წელს ქვეყანაში თითქმის 1.3 მლნ ადამიანი იყო დასაქმებული და თუ ამას 64-ზე გავამრავლებთ, გამოვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ახალი ფორმულით რომ დათვლილიყო, ახალ ბიუჯეტში საზმაუს დაფინანსება 101 მილიონი ლარის ნაცვლად 83 მლნ ლარი იქნებოდა.
გამოდის, რომ მომავალ წელს, 2026 წლის ბიუჯეტში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისთვის თანხა ამგვარად გაიწერება, თითოეული დასაქმებულის წვლილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში წელიწადში 64 ლარი იქნება.