მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა 28 აგვისტოს გაიხსნება - ვასილ მაღლაფერიძე

საზმაუ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2023 წლის ანგარიშები მოისმინა.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმისას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ დააანონსა, რომ მაუწყებლის ახალი შენობა 28 აგვისტოს ჩაბარდება.

"28 აგვისტოს იხსნება ახალი შენობა, დარჩა 56-57 დღე. რომ ნახავთ, შთაბეჭდილებას მოახდენს და ეს არა მარტო ჩვენს ტელევიზიის, არამედ, ქვეყნისთვის იქნება ძალიან კარგი ბაზა ტელესპექტაკლებისა და ფილმების გადაღებისთვის. იქნება 5 დიდი სტუდია, რომელსაც ქვეყანაში ანალოგი არ აქვს. იმდენად დიდია, რომ დრონი დაფრინავს შიგნით. ამას, გახსნაზე რომ მოხვალთ ნახავთ", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, 28 აგვისტო შენობის ჩაბარების თარიღია და ამ მომენტიდან დაიწყება მაუწყებლის მისამართის ცვლილება, პროცესი კი დეკემბერში დასრულდება.

გამოდის, სწორედ ამ დროს გადაინაცვლებს სრულად კოსტავას გამზირიდან პირველი არხი პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში.

2023 წლის სექტემბერში საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ ახალი შენობის ღირებულება 85 263 621 ლარია.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის სექტემბერში, თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად გაიყიდა. აუქციონზე გამოტანილი იყო 33 209 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 23 649 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობები. აუქციონში მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით ჰქონდათ. მაუწყებლის შენობა „ვისოლ ჯგუფმა“ შეიძინა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები