საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი დაჩქარებული ცვლილებების ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების (მეურვეების) არჩევის პროცედურა მნიშვნელოვნად იცვლება და მარტივდება.
უქმდება საკონკურსო კომისია: მოქმედი წესისგან განსხვავებით, სრულად უქმდება სპეციალური საგამოცდო/შემრჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის აუცილებლობა, რომელიც მანამდე მეურვეობის კანდიდატებს არჩევდა.
სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს მათი წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტები (მაგალითად: საპარლამენტო უმრავლესობა, ოპოზიცია, სახალხო დამცველი) პირდაპირ, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩევენ და წარადგენენ პარლამენტში.
წარდგენილი კანდიდატების დოკუმენტაციის შესწავლა, მათი კანონთან შესაბამისობის შემოწმება და საჯარო მოსმენა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ევალება. სწორედ ეს კომიტეტი გასცემს საბოლოო რეკომენდაციას კანდიდატის მეურვედ არჩევის ან არჩევაზე უარის თქმის შესახებ.
როგორც საკანონმდებლო ცვლილებების განმარტებით ბარათშია აღნიშნული, რეფორმის მიზანი საპარლამენტო პროცედურების დაზუსტება, გამარტივება და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდაა.
პარლამენტი აღნიშნულ პროექტს დაჩქარებული წესით იხილავს, რათა მისი მიღება საშემოდგომო სესიისთვის არ გადაიდოს. ცვლილებები ძალაში 2026 წლის 1 ივლისიდან უნდა შევიდეს.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის დეპუტატები არიან.
ძველი ნორმით, ვაკანსიის გაჩენისას პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემდა ბრძანებას კონკურსის შესახებ, რის შემდეგაც პარლამენტი 9 წევრისგან შემდგარ სპეციალურ საკონკურსო კომისიას ქმნიდა. კომისიაში სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები შედიოდნენ.
არჩევის წესი
მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს (მეურვეებს) საქართველოს პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი კვოტების მიხედვით ირჩევს. კერძოდ, პარლამენტი ორ მეურვეს ირჩევს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს საპარლამენტო უმრავლესობის, სამს საპარლამენტო ოპოზიციის იმ ფრაქციების წარდგინებით, სადაც ყველაზე მეტი დეპუტატია გაერთიანებული, ხოლო სამს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.
არსებული წესით კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება. ამასთან, ამ გამოცდილებიდან სულ მცირე 5 წელი ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროს უნდა უკავშირდებოდეს.
სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 6 წლით განისაზღვრებოდა, თუმცა საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით იცვლებოდა. წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ნაცვლად არჩეული ახალი მეურვე ადგილს მხოლოდ წინა წევრის დარჩენილი ვადით იკავებდა. იმ შემთხვევაში კი, თუ ვადის ამოწურვამდე 1 წელზე ნაკლები იყო დარჩენილი, ადგილი მომავალ არჩევნებამდე ვაკანტური რჩებოდა.




























