საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას, საზმაუს დაფინანსების მოდელის შეცვლის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის საკითხზე, ითხოვენ.
შალვა პაპუაშვილის მიმართ შესაბამის მიმართვას საზოგადოებრივი მაუწყებელი სოციალური გვერდზე ავრცელებს.
„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს
მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელის შეცვლის შესახებ, მთლიანად ცვლის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს და, ფაქტობრივად, აუქმებს საზოგადოებრივ მაუწყებელს.
დაფინანსების მსგავსი წესი თანხვედრაში არ მოდის ევროპის არც ერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელთან და, სამაგიეროდ, სრულ წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების ძირეულ პრინციპთან.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტმა ნოელ კურანმა თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემის განადგურებას გამოიწვევს და ჩვენ ამ შეფასებას სრულად ვიზიარებთ.
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, გამომდინარე იმ საფრთხიდან, რის წინაშეც დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორც ინსტიტუცია, მაუწყებლის თანამშრომლები დაბეჯითებით გთხოვთ, კანონის საბოლოოდ მიღებამდე შეგვხვდეთ და მოისმინოთ ჩვენი მოსაზრებები“, - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართვაში.