მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სცენარისტების შემდეგ, ჰოლივუდში 160 ათასი მსახიობი გაიფიცა

64b05c92c453e
გიორგი არონია
14.07.23 00:18
1083

ამერიკის შეერთებული შტატების კინემატოგრაფიულ ინდუსტრიაში კრიზისი გრძელდება. სცენარისტების შემდეგ, სტრიმინგ-გიგანტების წინააღმდეგ “მსახიობთა გილდია” (SAG-AFTRA) გაიფიცა, რომელიც 160 ათას მსახიობს აერთიანებს. გაფიცვა მას მერე დაიწყო, რაც მსახიობები და სტრიმინგ-კომპანიები უკეთეს შრომით პირობებზე ვერ შეთანხმდნენ, ვერც, მათ შორის, ფედერალური მედიატორების ჩართულობის შემდეგ.

საინტერესოა, რომ ამ დრომდე, მსახიობები ბოლოს 1980 წელს გაიფიცნენ - იმ დროსაც, გაფიცვის მთავარი გამომწვევი მიზეზი ახალი ტექნოლოგია იყო. 1980-იან წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიდეოკასეტების გაქირავების სერვისები გამოჩნდა, რამაც ფილმებისა და სერიალების ყურების მაჩვენებელი ახალ, იმ დროს არნახულ მასშტაბზე აიყვანა, მაგრამ, როგორც მსახიობებს მიაჩნდათ, ინდუსტრიის ზრდის მიუხედავად, მათი ხელფასები არ მომატებულა.

მსახიობების წლევანდელი გაფიცვა სტრიმინგ-სერვისის აღორძინებას უკავშირდება, რომელიც, თავისი არსით, ვიდეოკასეტების გაქირავების სერვისის განვითარების შემდეგი ეტაპია, რომელმაც ვიდეოკონტენტის მაყურებელთა რიცხვი მილიონებში, ზოგჯერ კი მილიარდებშიც გადაიყვანა. ამასთან, მსახიოებები ითხოვენ გარანტიას, რომ კომპანიები მსახიობების ნაცვლად ხელოვნური ინტელექტს არ გამოიყენებენ.

წლევანდელი გაფიცვა იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ მსახიობები კილიან მერფი და ემილი ბლანტი კრისტოფერ ნოლანის უახლესი ფილმის, “ოპენჰაიმერის” პრემიერიდან გავიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ის წლის და შეიძლება ითქვას, ბოლო წლების მთავარ ფილმად ითვლება, რომელშიც ისინი მთავარ როლებს ასრულებენ.

შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის სცენარისტების ორი ძირითადი ჯგუფი - ამერიკის მწერალთა გილდია და სატელევიზიო და კინემატოგრაფიული პროდიუსერების ალიანსი, რომლებიც ათიათასობით სცენარისტის უფლებებს იცავენ, პირველ მაისს გაიფიცნენ, რადგან დამსაქმებლებთან უკეთეს შრომით პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. იმ დროს, ამერიკის მწერალთა გილდიამ განმარტა, რომ სცენარისტებს მიაჩნიათ, რომ ფილმების, სატელევიზიო შოუებისა და სტრიმინგ-პლატფორმებზე განთავსებული კონტენტისთვის მათ შეუსაბამოდ ცოტას უხდიან, რადგან ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, კონტენტის გავრცელების არეალი საგრძნობლად გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები