საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის მიმოქცევაში შემოსვლის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა. შესყიდვის სავარაუდო მაქსიმალური ღირებულება 771,000 ლარია. შესყიდვა ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით განხორციელდება.
შესყიდვის აღწერაშივე მითითებულია რომ ლარი მიმოქცევაში 1995 წლის 25 სექტემბერს ჩაეშვა და იმავე წლის 2 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. თუმცა, უშუალოდ ამ ფორუმს, რომელსაც უცხოეთის ცენტრალური ბანკირები და ცენტრალური ბანკების ვიცე-პრეზიდენტები დაესწრებიან 29-31 მაისს არის დაგეგმილი.
პროგრამა ასევე მოიცავს საიუბილეო მონეტის პრეზენტაციას, ქართული ფულის კატალოგის გამოშვებას, გამოფენას, მედია კამპანიებს და სხვადასხვა საკომუნიკაციო აქტივობას.
ეროვნული ბანკის განმარტებით, ღონისძიების მასშტაბურობიდან და ორგანიზაციული კომპონენტების ცვალებადობიდან გამომდინარე, შესყიდვა არ იყო შესაძლებელი წინასწარ და სტანდარტული სატენდერო პროცედურებით, რაც გამოიწვევდა ღონისძიების დაგვიანებას ან ჩაშლას.




























